|
2015-05-06 10:01:14, 401 ნახვა
პოლიტიკა
"საერთაშორისო გამჭვირვალობა": რვა მოქმედი გუბერნატორიდან ორი „ქართუ“ ბანკის, ერთი კი, ფონდ „ქართუს“ ყოფილი თანამშრომელია
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. ორგანიზაციის კვლევის შედეგების თანახმად, გუბერნატორების შემთხვევაშიც იკვეთება კავშირები ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებულ კომპანიებსა და ფონდებთან. "რვა მოქმედი გუბერნატორიდან ორი „ქართუ“ ბანკის, ერთი კი საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ყოფილი თანამშრომელია. ასევე, საინტერესოა, რომ ორი გუბერნატორი წარსულში შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებში მუშაობდა. ეს, რასაკვირველია, არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები უკანონოდ დაინიშნენ თანამდებობებზე ან ეს მათი ერთადერთი სამსახური იყო. თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პრემიერმინისტრთან დაკავშირებულ კომპანიებში მუშაობის გამოცდილებამ მათი თანამდებობაზე დანიშვნისას გარკვეული როლი ითამაშა",-ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. ამასთან, "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ინფორმაციით, ორი გუბერნატორის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ქონებრივი დეკლარაციის არასრულყოფილ შევსებას და ერთის შემთხვევაში სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო ჩართულობას: "ქვემო ქართლის და იმერეთის გუბერნატორებმა ქონებრივი დეკლარაცია არასრულყოფილად შეავსეს, დამალეს რა საკუთარი და/ან ოჯახის წევრის ბიზნესწილები, რაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის დარღვევას წარმოადგენს; იმერეთის გუბერნატორი ამ დრომდე ინარჩუნებს დირექტორის თანამდებობას მისსავე წილობრივ მფლობელობაში არსებულ საწარმოში, რაც წარმოადგენს „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა დაღვევას. მიუხედავად იმისა, რომ სახეზეა კანონის აშკარა დარღვევა, ქართული კანონმდებლობა მსგავს შემთხვევებზე რეაგირების ეფექტიან მექანიზმებს არ ითვალისწინებს. არც საჯარო სამსახურის ბიუროს და არც რომელიმე სხვა უწყებას არ ევალება თანამდებობის პირების მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციების გადამოწმება, საჭიროების შემთხვევაში, შესწორება ან სანქციების დაკისრება. ჩვენ ამ პრობლემის შესახებ არაერთხელ გვისაუბრია და სამართლებრივი ხვრელის გამოსწორების მიზნით საკანონმდებლო წინადადებაც შევიმუშავეთ, რომელსაც, იმედი გვაქვს, პარლამენტი უახლოეს მომავალში განიხილავს",-ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, რწმუნებული-გუბერნატორი საქართველოს ცხრა მხარეში ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელია. მას თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. გუბერნატორი საქართველოს მთავრობის დავალებით კოორდინაციას უწევს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, მათ შორის რეგიონული პოლიტიკის განხორციელებას და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ცალკეულ კომპონენტებს. ის ასევე ახორციელებს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამებს და მონაწილეობს რეგიონული განვითარების ღონისძიებებში. აღსანიშნავია, რომ ერთი გუბერნატორის თანამდებობა – გურიის მხარეში — ამ დრომდე ვაკანტურია.
იზმირში ხალხს პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის მოსმენის უფლება არ მისცა და წყლის ჭავლით დაშალა
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
რუსეთი სომხეთს ევროკავშირთან დაახლოების გამო ნავთობისა და გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)