|
2016-04-28 09:26:29, 752 ნახვა
ეკონომიკა
კვირიკაშვილი: საქართველოში ჯანსაღი მაკროეკონომიკური გარემოა
საქართველოს სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო და საინვესტიციო პოტენციალი განიხილეს შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების საინვესტიციო ფონდებისა და ბანკების წარმომადგენლებთან და პოტენციურ ინვესტორებთან გამართა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში განხორციელებული მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმების შესახებ ესაუბრა და სამომავლო გეგმები გააცნო. მისი თქმით, აღნიშნული რეფორმები მიმართულია კიდევ უფრო მიმზიდველი სამეწარმეო გარემოს ჩამოყალიბებისკენ, რაც უცხოური ინვესტიციების შემოდინების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის, ეკონომიკის ყველა დარგში სამეწარმეო აქტივობის ზრდისა და ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების საფუძველს წარმოადგენს. შეხვედრაზე ითქვა, რომ რეგიონში კრიზისის მიუხედავად, საქართველომ აჩვენა ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი ტემპები. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, 2014 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში გაიზარდა 80 პროცენტზე მეტით და შეადგინა 1,83 მილიარდი აშშ დოლარი. პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ეკონომიკის დივერსიფიცირებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ეკონომიკის სტაბილურ განვითარებას და დღეს საქართველოში ჯანსაღი მაკროეკონომიკური გარემოა. გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს რეგიონულ როლს და მის ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობას. მისი თქმით, საქართველოს გააჩნია ხელსაყრელი მდებარეობა, რაც შესაძლებლობას აძლევს მას დამატებითი სარგებელი ნახოს და თავისი როლი გაზარდოს სატარანზიტო დერეფნის კუთხით. საუბარი შეეხო საქართველოს ტურისტულ პოტენციალს. აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირის წევრ ქვეყანებთან, მეზობელ ქვეყნებთან და წამოიწყო მოლაპარაკებები ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ. გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესმენებს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმა წარუდგინა, რომელიც საგადასახადო სისტემის შემდგომ ლიბერალიზაციას, გადასახადების ადმინისტრირების მეთოდების ძირეულ ცვლილებებს, განათლების სისტემის რეფორმას, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების სტრატეგიასა და ღია, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფას გულისხმობს. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და აშშ-ს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხებზე და ამ მიმართულებით არსებული პოტენციალის გამოყენების აუცილებლობაზე. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით საქართველომ დამოუკიდებლობის 25 წლის მანძილზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები დაამყარა. მანვე ხაზი გაუსვა მომდევნო 25 წლის განმავლობაში ახალი სტრატეგიული თანამშრომლობის ჩამოყალიბების მნიშვნელობას. სიტყვით გამოსვლის შემდეგ, პრემიერმა შეხვედრის მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა. ჩიკაგოში, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ორგანიზებით გამართულ შეხვედრას საქართველოს დელეგაციის წევრები, რკინიგზის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი, საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა და ქართული ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, შეისწავლეთ საკითხი
Washington Post: აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)