|
2016-02-16 11:34:25, 861 ნახვა
ეკონომიკა
მომხმარებელს ელექტრონული სერვისით სასტუმროებში თავისუფალი ნომრების შემოწმება და ონლაინ დაჯავშნა შეეძლება
"თიბისი ბანკის" სათაო ოფისში კომპანია "პროსერვისის" ორგანიზებით, „თიბისი ბანკისა“ და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით, ახალი ონლაინ პროგრამის - "სასტუმროების მართვისა და ონლაინ დაჯავშნის სისტემების" პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, თიბისი ბანკის ექვაირინგის განყოფილების უფროსი ნიკა კიკვაძე და საქართველოში მოქმედი სასტუმროების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პრეზენტაცია კომპანია პროსერვისი-ს დირექტორმა რევაზ ნატროშვილმა წარადგინა. პროგრამა სიახლეა საქართველოს ბაზარზე და მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობას. პროექტის მთავარ სეგმენტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განთავსებული სასტუმროები წარმოადგენენ. ელექტრონული სერვისით, სასტუმროების პოტენციურ სტუმრებს შეეძლებათ ონლაინ რეჟიმში შეამოწმონ სასურველ სასტუმროში თავისუფალი ნომრები. ასევე შეეძლებათ ონლაინ დაჯავშნა პლასტიკური ბარათით და გადახდა როგორც პირდაპირი გადახდის, ასევე ადგილზე მოგვიანებითი გადახდის პირობით. შეთავაზება განსაკუთრებით საინტერესოა იმ სასტუმროებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ვებგვერდი. პროექტის ფარგლებში, ასეთი სასტუმროები "სასტუმროს მართვასა და ონლაინ დაჯავშნის სისტემის" პროგრამულ უზრუნველყოფასთან ერთად, ვებგვერდს და 1 გბ ჰოტინგს მიიღებენ. "დღეს თითქმის ყველა სასტუმრო სარგებლობს საერთაშორისო დაჯავშნის სისტემებით, რომლებიც შუამავალ აგენტებს წარმოადგენენ. თუმცა, ამ პორტალებთან საკომისიო საკმაოდ მაღალია. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ განვითარებასა და რენტაბელური ფასები შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს. სისტემის მომხმარებელთათვის გათვალისწინებულია მხოლოდ ფიქსირებული, ყოველთვიური გადასახადი, რაც არ გულისხმობს დამატებით საკომისიო გადასახადს მიუხედავად იმისა, რამდენი სტუმარი ისარგებლებს ონლაინ დაჯავშნით",-განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა რევაზ ნატროშვილმა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, სასტუმროების მართვისა და ონლაინ დაჯავშნის სისტემის დანერგვისათვის, კარგი გადაწყვეტილებებია მიღებული. "დღეს ჩვენ ვნახეთ კომპანია "პროსერვისის" პრეზენტაცია, საკმაოდ კარგი, სისტემური გადაწყვეტილებებია წარმოდგენილი სასტუმროების მართვისა და ონლაინ დაჯავშნის სისტემის დანერგვისათვის, ვიმედოვნებ, კერძო სექტორი აღნიშნულ შეთავაზებას ძალიან მალე გაეცნობა და, შესაბამისად, ეს სისტემა იქნება სისტემა, რომელიც მიეხმარება როგორც ჩვენი სასტუმრო ბიზნესის განვითარებას, ასევე ტურისტული ნაკადების წვდომას საქართველოს მიმართულებით იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ტურისტი დღეს თვითონ ჯავშნის სასტუმროებს, თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, თუ სად და როგორ უნდა იმოგზაუროს და შესაბამისად, სისტემები, რომლებიც ტურისტებს ეხმარება, რომ მათ დაჯავშნონ ონლაინში სასტუმროები, გაეცნონ მაქსიმალურად იმ სერვისებს, რასაც სასტუმროები სთავაზობენ მათ. არის ინტეგრირებული როგორც მართვა დაჯავშნა, ასე ბუღალტერია, რასაც მივესალმებით",-განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. წარმოდგენილ სიახლეს "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორიც მიესალამება: "თიბისი ბანკის სათაო ოფისში შედგა შეხვედრა, რომელიც სასტუმროების მართვისა და ონლაინ დაჯავშნის სისტემის პრეზენტაციას მიეძღვნა. იქედან გამომდინარე, რომ სასტუმრო ბიზნესები და სერვისი საქართველოს ეკონომიკისთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი დარგია, თიბისი ბანკი ამ სერვისებთან დაკავშირებით არის სტრატეგიული პარტნიორი. ძალიან საინტერესო პროექტია. ვფიქრობთ, ეს კიდევ ერთი ნაბიჯია იმისათვის, რომ მომხმარებლებმა მომსახურება უფრო კომფორტულად მიიღონ",-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ "სასტუმროების მართვისა და ონლაინ დაჯავშნის სისტემის" ინტეგრაცია სასტუმროებისათვის უკვე დაწყებულია და ეტაპობრივად მიმდინარეობს. ასევე გათვალისწინებულია ტრენინგები თბილისსა და სხვა ქალაქებში პროგრამის ფარგლებში ჩართული მხარეებისთვის. ტრენინგები პროსერვისის ტექნოლოგიური ექსპერტების მიერ უსასყიდლოდ ჩატარდება .
(R)
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს საგანგებო შეხვედრაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)