|
2018-02-07 16:36:57, 1898 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: „საქართველოს ფოსტის" გზავნილთა ჩაბარების მაჩვენებელი 97%-ს შეადგენს
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი „საქართველოს ფოსტის" ახალი პროდუქტის „მალეოს" პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც საქართველოს ტექნოპარკის შენობაში გაიმართა. მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა „საქართველოს ფოსტის" და მისი ადმინისტრაციის საქმიანობა. მისი თქმით, მოგების რეინვესტირების შედეგად კომპანიაში დაინერგა თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლეები და მომსახურების მაღალი სტანდარტები, რომლის შედეგადაც „საქართველოს ფოსტა" სრულფასოვან საფოსტო მომსახურებას მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს და რაც მთავარია, კორესპონდენციის ადრესატამდე მიტანის დრო მინიმუმდეა შემცირებული. მინისტრმა საქართველოს ფოსტის საქმიანობის ამსახველ სტატისტიკაზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, კომპანიას დღეს აქვს მნიშვნელოვანი ზრდა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო გზავნილების მიმართულებით. „განსაკუთრებით აღსანიშნავია „საქართველოს ფოსტის" გზავნილთა ჩაბარების მაჩვენებელი, რომელიც, საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით, 97%-ს შეადგენს. „საქართველოს ფოსტამ" შარშან დეკემბერში გზავნილთა გამტარიანობის რეკორდული მაჩვენებელი აჩვენა, ფოსტის სერვისცენტრებმა უზრუნველყვეს 250 000-მდე გზავნილის გატარება, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 30%-ით აღემატება, სერვისცენტრების საშუალო დღიურმა გამტარიანობამ კი 9 000 გზავნილს გადააჭარბა", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. პირველმა ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კომპანიის ადმინისტრაციის მიერ გაწეულ საქმიანობაზე, რომელიც ელექტრონული კომერციის პლატფორმის ამოქმედებას შეეხება. მისი თქმით, პირველ ეტაპზე, ფოსტა აამოქმედებს პლატფორმის ერთ კომპონენტს „მალეოს", რომელიც, ძირითადად, საქართველოს რეგიონების მოსახლეობაზეა გათვლილი. მისი მეშვეობით, უცხოეთის ინტერნეტმაღაზიებიდან შეკვეთილ პროდუქციას რეგიონების მაცხოვრებლები „საქართველოს ფოსტის" სერვი ცენტრებში იგივე ტარიფით მიიღებენ, როგორც დიდი ქალაქების მოსახლეობა. „მალეოს" ძირითადი მიმართულებები პრეზენტაციაზე დამსწრე აუდიტორიას „საქართველოს ფოსტის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ გააცნო, რომლის შემდეგაც მოხდა სარეკლამო ვიდეორგოლის ჩვენება.
(NS)
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)