|
2017-05-17 20:31:04, 2147 ნახვა
სამართალი კომენტარი
ადვოკატი: ოთარ ფარცხალაძე ქვეყნის დატოვებას არ აპირებს, ამის არანაირი მიზეზი არ გააჩნია
„რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩადენილი არ არის, ამიტომ ბრალის წარდგენაზე საუბარი უბრალოდ აბსურდულია“, - ამის შესახებ ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ფარცხალაძემ გამოძიებას დეტალურად მიაწოდა ყველა ინფორმაცია, რაც გააჩნია. „ჩვენ დეტალურად მოვუყევით ამბავი ის ინფორმაცია, რაც ბატონი ოთარისთვის იყო ცნობილი. დაინტერესდა საგამოძიებო უწყება კონკრეტული კითხვებით. საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე გარკვეული სახის ალკოჰოლური თრობის ქვეშ ხომ არ იმყოფებოდა თავად, ვისთან ერთად იმყოფებოდა ბატონი ოთარი აღნიშნულ კაფე-ბარში, რა იყო მისთვის ცნობილი. ასევე დაისვა ძალიან ბევრი კრიტიკული კითხვა, მათ შორის ბატონი ლაშა თორდიას მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით. დაადასტურა ის ფაქტი, რომ უშუალოდ მათ შორის არანაირი სახის ფიზიკურ კონტაქტს ადგილი არ ჰქონია. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩადენილი არ არის, გამოძიება მიმდინარეობს. ჩემი მოპოვებული და ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, აქ რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედებაზე და ბრალის წარდგენაზე საუბარი უბრალოდ აბსურდულია“, - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა. ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ ქვეყნის სავარაუდო დატოვებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოთარ ფარცხალაძე არსად წასვლას არ აპირებს. „ბატონი ოთარ ფარცხალაძე არ აპირებს არანაირად საქართველოს და ქვეყნის დატოვებას, მას ამის არანაირი საფუძველი და მიზეზი არ გააჩნია“, - აღნიშნა ადვოკატმა. შეგახსენებთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა თორდია აცხადებს, რომ 13 მაისს, შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ „ელ ცენტროში“, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები პირები თავს დაესხნენ. ლაშა თორდია მომხდარს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკავშირებს. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)