|
2016-12-01 14:06:15, 820 ნახვა
პოლიტიკა
ელმარ ბროკი იმედოვნებს, რომ ვიზალიბერალიზაციის შემდგომი პროცესი შეუფერხებლად წარიმართება
ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ელმარ ბროკს შეხვდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მიმდინარე საკითხები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. მათივე ცნობით, კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა ევროპარლამენტთან ინტენსიური დიალოგის აუცილებლობაზე და ევროკავშირთან ასოცირების პროცესში ევროპარლამენტის აქტიურ როლზე. მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესში ევროპარლამენტის მკაფიო მხარდაჭერის მნიშვნელობას. ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის პროცესში ყველა ვალდებულება და მოთხოვნა შეასრულა და იმედი გამოთქვა, რომ შემდგომი პროცესი შეუფერხებლად წარიმართება. ევროპარლამენტში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ დემოკრატიულ რეფორმებს, მათ შორის სასამართლო რეფორმას. ევროპარლამენტში გამართულ შეხვედრაზეთავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობა აღინიშნა, სადაც საქართველოს მოსახლეობის ნება აისახა. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)