|
2016-08-05 15:17:36, 719 ნახვა
საზოგადოება
თეა წულუკიანი ფოკაში საზოგადოებრივი ცენტრის გაფართოების სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო
საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობის პროექტის ფარგლებში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში საზოგადოებრივ ცენტრს ბიბლიოთეკა და საკონფერენციო დარბაზი დაემატება. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, თეა წულუკიანი 5 აგვისტოს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკის საზოგადოებრივ ცენტრს ესტუმრა და სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ სოფელ ფოკის მოსახლეობას პირველად მიეცემა საშუალება, ისარგებლოს უფასო ინტერნეტით უზრუნველყოფილი კომპიუტერებით და ვიდეოკონფერენციის აპარატურით. ადგილობრივები ისარგებლებენ როგორც მატერიალური სახით არსებული წიგნებით, ისე ელექტრონული ბიბლიოთეკითაც. რაც შეეხება საზოგადოებრივი ცენტრის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ საკონფერენციო დარბაზს, აღნიშნული ინფრასტრუქტურით სარგებლობა მკვიდრ მოსახლეობასთან ერთად ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც შეეძლებათ. ბიბლიოთეკისა და საკონფერენციო დარბაზის მშენებლობას მიმდინარე წლის ივნისიდან ტენდერით შერჩეული კომპანია შპს „ამაგი“ აწარმოებს. აღსანიშნავია, რომ ფოკის საზოგადოებრივი ცენტრის ბიბლიოთეკის პერსონალი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის − „საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის“ − ფარგლებში გადამზადებულია თანამედროვე საბიბლიოთეკო სერვისების გაცემისა და საბაზისო კომპიუტერული ინფრასტრუქტურის ეფექტური მენეჯმენტის განხორციელების კუთხით. ფოკის საზოგადოებრივი ცენტრის გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა შარშან ივლისში მიიღო, როცა იგი ფოკელ ახალგაზრდებსა და საკუთარ თანამშრომლებთან ერთად ზემო სვანეთში იმყოფებოდა. „ეთნიკურად სომეხ საქართველოს ამ ახალგაზრდა მოქალაქეებს ქართული ენის შესწავლის საოცარი მისწრაფება აქვთ, რაც მათი ნიჭის და ქართულის მასწავლებლის, ქალბატონი კლარა ფოცხვერაშვილის დამსახურებაა. ამიტომაც ჩვენ ამ ბავშვებს დავპირდით, რომ ამ მისწრაფების რეალობად ქცევისათვის ისეთსავე ინფრასტრუქტურას მოვუწყობდით, როგორიც უკვე შევიტანეთ 30-მდე ქართულ სოფელში ბოლო ოთხის წლის განმავლობაში“, − განაცხადა თეა წულუკიანმა. (NS)
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)