|
2021-10-31 20:45:44, 734 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირის საელჩო - ხარვეზების აღმოსაფხვრელად ნაბიჯები არ გადაიდგა, პირიქით, გაჩნდა ახალი ხარვეზები
საერთაშორისო დამკვირვებლების მკაფიო შეფასების მიუხედავად, ძირითადი ხარვეზების აღმოსაფხვრელად არსებითი ნაბიჯები არ გადაიდგა. პირიქით, გაჩნდა ახალი ხარვეზები, განსაკუთრებით საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და ძალადობრივი რიტორიკის კუთხით, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა ისედაც ღრმა პოლიტიკური პოლარიზაცია. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ, საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებთან კოორდინაციით, 2021 წლის 31 ოქტომბერს, ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მათი თქმით, ისინი მოვუწოდებენ ყველა პარტიას, საარჩევნო პროცესში ჩართულობა განაგრძონ. „30 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურისთვის საარჩევნო უბნებს დაუბრუნდნენ. ევროკავშირი კვლავ გამოხატავს მადლიერებას ამომრჩევლების, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების და ადგილობრივი დამკვირვებლების მიმართ მათი ძალისხმევისა და ჩართულობისთვის COVID-19 პანდემიის პირობებში. გულითადად მივესალმებით ეუთო / ოდირის და ევროპარლამენტის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას მეორე ტურის დროსაც. მისიამ კვლავ დაასკვნა, რომ არჩევნები ზოგადად კარგად ადმინისტრირებული და საარჩევნო კამპანია კონკურენტული იყო, თუმცა მან ასევე დააფიქსირა ნეგატიური რიტორიკის გამწვავება, ამომრჩევლებთა დაშინებისა და ზეწოლის შენარჩუნებული ბრალდებები და რესურსებს შორის მკვეთრი დისბალანსი, რომელმაც მმართველ პარტიას უპირატესობა მიანიჭა და საასპარეზო პირობები შეცვალა. პირველი ტურის შემდეგ განვაცხადეთ, რომ მასთან დაკავშირებით დაფიქსირებული არაკეთილსინდისიერი პრაქტიკა საქართველოში ნორმად არ უნდა იქცეს. ვწუხვართ, რომ ეს არჩევნები ამ მიმართებაში დაკარგული შესაძლებლობა იყო. საერთაშორისო დამკვირვებლების მკაფიო შეფასების მიუხედავად, ძირითადი ხარვეზების აღმოსაფხვრელად არსებითი ნაბიჯები არ გადაიდგა. პირიქით, გაჩნდა ახალი ხარვეზები, განსაკუთრებით საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და ძალადობრივი რიტორიკის კუთხით, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა ისედაც ღრმა პოლიტიკური პოლარიზაცია. ამ არჩევნებამდე გაჟღერებული მოსაზრებები იმის შესახებ, რომ ცენტრალური ხელისუფლება არ ითანამშრომლებს საკრებულოებთან, თუ ისინი განსხვავებულ უმრავლესობას აირჩევენ, შეშფოთებას იწვევს, რადგან ამომრჩეველთა არჩევანის შეზღუდვასა და პლურალიზმის ლიმიტირებაზეა მიმართული. მოვუწოდებთ ყველა პარტიას, საარჩევნო პროცესში ჩართულობა განაგრძონ. საზოგადოების ნდობა მისი სამართლიანობის მიმართ მოითხოვს ინკლუზიურ, სანდო და გამჭვირვალე გადათვლის პროცესს და საჩივრებისა და აპელაციების სამართლიან განხილვას. ამ მხრივ უახლოეს დღეებში ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და სასამართლოებს ძირითადი პასუხისმგებლობა აკისრიათ. გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს ლიდერები ჭეშმარიტ ძალისხმევას არ დაიშურებენ ისეთი პოლიტიკური კლიმატის შესაქმნელად, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მოლოდინების გამართლებას ხელს შეუწყობს. ეს მოიცავს მნიშვნელოვანი რეფორმების მრავალგზისი ვალდებულებების შესრულებას, განსაკუთრებით სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით და ასევე, ჩვენი ევროკავშირი-საქართველოს შეთანხმებული დღის წესრიგის განხორციელების განახლებას, რომელიც დემოკრატიის, ადამიანის უფლებების პატივისცემისა და კანონის უზენაესობის დაცვის ღირებულებებს ეფუძნება“,- ნათქვამია განცხადებაში.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)