2015-02-23 15:39:24, 557 ნახვა
პოლიტიკა
ნინო გვენეტაძის მოსასმენად პარლამენტში დეპუტატები არ მივიდნენ
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის ნინო გვენეტაძის მოსასმენად პარლამენტში დეპუტატები არ მივიდნენ. ქვორუმისთვის 8 კაცი იყო საჭირო, თუმცა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მხოლოდ 6 დეპუტატი გამოცხადდა. შესაბამისად, ნინო გვენეტაძის პირველი მოსმენა ჩაიშალა.
სხდომაზე არ მივიდა დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილიც, რომელიც ნინო გვენეტაძის მსგავსად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე იყო წარდგენილი.
ნინო გვენეტაძე არ ფიქრობს, რომ დეპუტატები მის მოსასმენად პროტესტის ნიშნად არ გამოცხადდნენ. მისი შეფასებით, პარლამენტის წევრებს კომიტეტის სხდომაზე მისასვლელად, რაიმე გარემოების გამო, უბრალოდ ხელი შეეშალათ.
"შეიძლება რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება იყო.შესაძლებელია, როგორც გაცხადდა, შემდეგაც ჩაინიშნოს იურიდიული კომიტეტის სხდომა.სხვა შეფასებას ვერ გავაკეთებ. რატომ უნდა იყოს პროტესტი? მე ასე არ ვთვლი",-განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან