აქციებზე დაკავებული მოქალაქეების ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლებამ დაიწყო "უბინძურესი პოლიტიკა" პატიმრების ჩათრევისთვის. მათი თქმით, ხელისუფლება ცდილობს, პატიმრებისგან ერთ-ერთის აღიარება მიიღოს და შექმნას პრეცედენტი, რომ ისინი დანაშაულს აღიარებენ და სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან.
„პოლიტიკური პატიმრებისა და რეჟიმის ტყვიების ოჯახის წევრები ვაცხადებთ შემდეგს, რომ ხელისუფლებას დაწყებული აქვს უბინძურესი პოლიტიკა იმ მიმართულებით, რომ პოლიტიკური პატიმრები ჩაითრიონ ამ ჩანაფიქრში, მიაღწიონ რომელიმე მათგანის აღიარებას. დაუშვან პრეცედენტი, რომ პოლიტიკური პატიმრებისგან არის კატეგორია, რომელიც აღიარებს დანაშაულს და არიან სისხლის სამართლის დამნაშავეები.
ეს პროცესი დე ფაქტო ხელისუფლებას იმისთვის სჭირდება, რომ თავი იმართლოს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, ანუ საზოგადოებას უმტკიცებს შიგნითაც და საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ესენი არ არიან პოლიტიკური პატიმრები და ამათ მიმართ რეალურად არსებობს სისხლის სამართლის საქმეები.
კატეგორიულად მინდა განვაცხადო, რომ არცერთ საქმეში არ არსებობს სისხლის სამართლის მტკიცებულებები, დანაშაულის ნიშნები. შესაბამისად, წინასწარი ორ თვიანი პატიმრობის ვადებიც იმიტომ გაახანგრძლივეს, რომ რაღაც მოეპოვებინათ, მაგრამ ეს შეუძლებელია, რაც არ არსებობს ვერ მოიპოვებ. აქედან გამომდინარე გადაწყვიტეს, რომ აღიარებითი ჩვენებით მიაღწიონ კრიმინალიზაციას ამ ახალგაზრდების და მოცემული პოლიტპატიმრების. ეს არის გადმონაშთი საბჭოთა კავშირიდან. საბჭოთა კავშირში არსებობდა გენერალური პროკურორი, რომელიც აღიარებას მიიჩნევდა მართლმსაჯუების მთვარ ფაქტორად და დედად.“ - განაცხადეს სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებმა.