2015-07-12 18:20:19, 715 ნახვა
საზოგადოება
ზვიად სიჭინავა: ბოლო ბილეთის გაყიდვამდე სალაროები არ დაიხურება
სანამ უეფას სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბოლო ბილეთი არ გაიყიდება, სალაროები არ დაიხურება, – ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ფედერაციამ გულშემატკივრების ინტერესები გაითვალისწინა.
„ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან ბილეთების გაყიდვაზე პრობლემები არაა. ფედერაციამ გაითვალისწინა ის, რომ ძალიან ბევრი პრობლემა ჰქონდა ამ ხალხს. 2–3 დღე ვაკის პარკში ათენებენ და ამიტომ შსს-სთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ ბილეთების გაყიდვა არ შეწყდება და სალაროები იქნება გაღებული, სანამ არ გაიყიდება ბოლო ბილეთი“, – განაცხადა ზვიად სიჭინავამ.
მისივე თქმით, ამ დროისთვის გაყიდულია 8700 ბილეთი.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის სუპერთასის მატჩზე დასასწრები პირველი კატეგორიის, 75 ლარიანი ყველა ბილეთი გაყიდულია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან