|
2022-11-24 11:07:13, 1335 ნახვა
მსოფლიო
ფაშინიანმა ОДКБ-ს სამიტზე დოკუმენტების ხელმოწერაზე უარი განაცხადა
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის სამიტზე, ОДКБ-ს კოლექტიური უშიშროების საბჭოს დეკლარაციის პროექტსა და სომხეთისთვის დახმარების გაწევის ერთობლივი ღონისძიებების შესახებ დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას "ეხო კავკაზა" მთავრობის პრესსამსახურზე დაურდნობით ავრცელებს. პრემიერ-მინისტრმა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ორგანიზაციას მოუწოდა, სომხეთის წინააღმდეგ აზერბაიჯანის ქმედებებს პოლიტიკური შეფასება მისცეს. ფაშინიანის თქმით, "მოკავშირეებმა აზერბაიჯანისგან უნდა მოითხოვონ ჯარების გაყვანა სომხეთის ტერიტორიის აზერბაიჯანის მიერ ოკუპირებული ნაწილიდან", წინააღმდეგ შემთხვევაში „ეს შეიძლება ნიშნავდეს, ОДКБ-ს მოკავშირეების მიერ ვალდებულებებზე უარის თქმას". სომხეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ სექტემბერში სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული შეტაკებების შედეგად, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის სუვერენული ტერიტორიის ნაწილი დაიკავეს. ბაქო აღნიშნულს უარყოფს და აცხადებს, რომ ქვეყნებს შორის საზღვრები დემარკირებული არ არის. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომელიც სამიტს ესწრებოდა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით იმედი გამოთქვა. კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა სამიტის შედეგების კომენტირებისას განაცხადა, რომ სომხეთის ОДКБ-დან გასვლა გამორიცხულია. ცნობისთვის, ОДКБ-ს კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს სხდომა სომხეთის დედაქალაქში გუშინ, 23 ნოემბერს გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში სამიტის ჩატარებასა და ვლადიმერ პუტინის ერევანში ვიზიტს წინ უძღოდა საპროტესტო აქციები. მიმდინარე კვირაში, ოპოზიციური პარტია "ეროვნულ-დემოკრატიული პოლუსის" ორგანიზებით გამართულ აქციაზე აცხადებდნენ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებების დროს, რუსეთმა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ სომხეთის დასახმარებლად არაფერი გააკეთეს.
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მომზადდა
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)