|
2020-07-03 12:44:41, 9986 ნახვა
სხვადასხვა
DRI - სუს-ის მიერ დაწყებულ გამოძიებაში პოლიტიკური მიკერძოების ნიშნები იკვეთება
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აკვირდება სუს-ის მიერ ტელეკომპანია „მთავარში“ გასულ სიუჟეტზე საბოტაჟის შემადგენლობით წარმოებულ გამოძიებას. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ სუსის მიერ დაწყებულ გამოძიებაში პოლიტიკური მიკერძოების ნიშნები იკვეთება. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აკვირდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ტელეკომპანია „მთავარში“ გასულ სიუჟეტზე საბოტაჟის შემადგენლობით წარმოებულ გამოძიებას და აღნიშნავს, რომ როგორც მითითებული მუხლით გამოძიების წარმოება, ასევე, საგამოძიებო ორგანოს მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები მსუსხავი ეფექტის მატარებელია აზრისა და გამოხატვის თავისუფლებისათვის, წარმოადგენს აშკარა ჩარევას მედიის და პოლიტიკური პარტიების საქმიანობაში და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პოლიტიკური მიკერძოების რიგით შემთხვევად უნდა იქნეს მიჩნეული. საბოტაჟის (სსკ-ის 318-ე მუხლის) არასრულყოფილი განმარტება საქართველოს სსკ-ის 318-ე მუხლით საბოტაჟად მიიჩნევა საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა. აღნიშნული მუხლით კრიტიკულად განწყობილი მედია საშუალებებისა და პოლიტიკური პარტიების წევრების მიმართ გამოძიების დაწყება, ისე, რომ არ იკვეთება მოქმედი პირების მიზანი - „დაესუსტებინათ საქართველო,“ ხაზს უსვავს, როგორც მინიმუმ, აღნიშნული შემადგენლობის არარსებობას. ასევე, არ დასტურდება სახელმწიფოს ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლის ფაქტი, რაც საბოტაჟის შემადგენლობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს. შედეგად, ისეთი მიზნით დეტერმინირებულ ქმედებაზე, როგორიც საბოტაჟია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ვერ გამოავლინა ვერც კონკრეტული პირების მიზანი - დაესუსტებინათ საქართველო, ვერც ქმედება, რამაც ხელი შეუშალა სახელმწიფოს ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ფუნქციონირებას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჭარბი კომპეტენციები და შერჩევითი მიდგომა არსებული საკანონმდებლო რეგულაციებით, სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო და ტერიტორიული ქვემდებარეობის განაწილების არსებული წესი არასრულყოფილია. ხარვეზიანი საკანონმდებლო რეგულაციების პირობებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელში თავმოყრილი ჭარბი ძალაუფლება, მინიმალური საპარლამენტო და საზოგადოებრივი კონტროლით, უსაფრთხოების სამსახურს აძლევს შესაძლებლობას, გასცდეს კანონით განსაზღვრულ მანდატს და უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენოს. უკანასკნელ პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ კონკრეტულ რეგიონებში რელიგიური ლიდერების, ადგილობრივი აქტივისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიმართ დაწყებული გამოძიებაც მხოლოდ აძლიერებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელში ჭარბი ძალაუფლების თავმოყრისა და პოლიტიკური მიკერძოების ვარაუდს. იმ ფონზე, როდესაც სუს-მა სრულიად უგულებელყო საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გავრცელებული არაერთი (სავარაუდოდ, რუსული წარმომავლობის) ორგანიზებული დეზინფორმაციული კამპანია, რაც მოსახლეობაში გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციებისადმი უნდობლობის გაღვივებას ისახავდა მიზნად, წინსაარჩევნო პერიოდში კრიტიკულად განწყობილი მედიის და პოლიტიკოსების მიმართ აბსტრაქტულ და არარსებულ საფრთხეზე მითითებით გამოძიების დაწყება, განსხვავებული აზრის გამოხატვაზე ტოტალური კონტროლის დამყარების მცდელობად უნდა შეფასდეს“, - განაცხადეს ორგანიზაციაში.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)