00:22 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-02 17:23:26, 1873 ნახვა

სამართალი
შსს: სენაკსა და ფოთში დაკავებულებს კავშირი ჰქონდათ ე.წ. კანონიერ ქურდებთან, მათ შორის ლავას ოღლისთან

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სენაკსა და ფოთში ერთდროულად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი დააკავეს, - ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ მამუკა ჭელიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

ჭელიძის თქმით, დაკავებულებს ბრალად ქურდული სამყაროს წევრობა ედებათ.

"მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 1977 წელს დაბადებული ი.ჩ. და წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევები 1979 წელს დაბადებული მ.გ. და 1978 წელს დაბადებული მ.ლ. ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ, კერძოდ, დაკავებულებს კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“ - ლავას ოღლი, იგივე მინდია გორაძესთან, ჯუმბერ ბაირამიდითთან (ზედმეტსახელად "ბონჩო"), სტავრო ბაირამიდთან - (ზედმეტსახელად "როკო"), დათო ჩხიკვიშვილთან, მერაბ მზარელუასთან და როლანდ გეგეჭკორთან. ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა რამდენიმე მოქალაქეს ე.წ. კანონიერ ქურდებთან შეთანხმებით, „ქურდული გარჩევა“ მოუწყეს და დიდი ოდენობით თანხას სძალავდნენ.

გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე სამართალდამცველებმა ფარული საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს, სადაც დანაშაულებრივი ქმედებებია ასახული. შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენა დაკავების მიზნით. გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით.

2018 წელს პასუხისგებაში მიეცა 4 ე.წ. კანონიერი ქურდი, დაკავებულია "ქურდული სამყაროს" 52 წევრი, რაც, სტატისტიკური მაჩვენებლით, წინა წლის მონაცემზე 4-ჯერ მეტია. ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობით კი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მასშტაბური ერთობლივი ოპერაციების შედეგად 9 ე.წ. ქართველი „კანონიერი ქურდი“ იქნა დაკავებული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლას, რომლის მიზანია ქვეყანაში ქურდული სამყაროსა და მასთან დაკავშირებული კრიმინალური მენტალიტეტის საბოლოოდ აღმოფხვრა", - განაცხადა ჭელიძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics