22:56 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-12 11:02:28, 430 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი აშშ–ს უსაფრთხოების საბჭოს ევროპის ბიუროს დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ევროპის ბიუროს დირექტორს, შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურ თანაშემწეს ჩარლზ კაპჩანს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თემებს. ყურადღება გამახვილდა რიგის სამიტისთვის მზადების პროცესზე.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ აშშ-ი საქართველოს მეგობარი სახელმწიფო და მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. ყურადღება გამახვილდა გლობალური უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის საკითხებზე და ხაზი გაესვა საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას.

პრემიერ-მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების ევროპულ სარდლობასა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქართულ–ამერიკული ერთობლივი სამხედრო სწავლება–„ღირსეული პარტნიორი“ ორ ქვეყანას შორის მტკიცე სამხედრო თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურებაა.

მანვე ჩარლზ კაპჩანს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების მიზნით, განხორციელებული რეფორმების  შესახებ.

მხარეებმა რეგიონში შექმნილი ვითარება და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა განიხილეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურ მრჩეველს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში თანადგომისთვის.

ქართული მხრიდან შეხვედრას ვიცე–პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics