06:12 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-24 10:32:32, 2380 ნახვა

სამართალი
საკონსტიტუციო სასამართლომ მცირე ოდენობით მარიხუანის მოხმარებისთვის პატიმრობა არაკონსტიტუციურად სცნო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მცირე ოდენობით მარიხუანის მოხმარების, ასევე მოხმარების მიზნით შეძენის, შენახვისა და დამზადებისთვის პატიმრობა არაკონსტიტუციურად სცნო.

შესაბამისი საკანონმდებლო ნორმები  სასამართლოში სახალხო დამცველს ჰქონდა გასაჩივრებული.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად და ძალადაკარგულად სცნო საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გასაჩივრებული ნორმების ნორმატიული შინაარსი. კერძოდ, საქართველოს სახალხო დამცველი ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული საპატიმრო სანქციების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.

მოქმედი კანონმდებლობით მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის, ასევე მოხმარების მიზნით შეძენის, შენახვისა და დამზადებისთვის სანქციად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა, რაც სახალხო დამცველის აზრით არ შეესაბამება ჩადენილი ქმედების სიმძიმეს, ზედმეტად მკაცრია და წარმოადგენს ღირსების შემლახველ სასჯელს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მცირე ოდენობით მარიხუანის მოხმარების, ასევე მოხმარების მიზნით შეძენის, შენახვისა და დამზადების ნაწილში ნორმები იმეორებდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსს. სასამართლომ ნორმის ეს ნაწილი არაკონსტიტუციურად სცნო გამარტივებული წესით, განმწესრიგებელი სხდომის განჩინებით.

საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო სარჩელი სადავო ნორმების იმ შინაარსთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალებების მცირე ოდენობით მოხმარებისთვის, ასევე მოხმარების მიზნით შეძენის, შენახვისა და დამზადებისათვის“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics