19:29 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-10 17:23:41, 281 ნახვა

სამართალი
საქართველოში პატიმრების უპრეცედენტო ზრდაა, - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

საქართველოს სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა მკვეთრად გადაიხარა რეპრესიული მართლმსაჯულებისკენ, რამაც ქვეყანა პენიტენციური სისტემის კრიტიკულ გადატვირთვამდე მიიყვანა. - ამის შესახებ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ანგარიშშია ნათქვამი

ანგარიშს უცვლელად გთავაზობთ:

უკანასკნელ პერიოდში პრაქტიკულად გაუქმებულია პატიმრობის, როგორც, „უკიდურესი ზომის“ (,,Ultima Ratio’’) პრინციპი. მართლმსაჯულება ორიენტირებულია არა რეაბილიტაციაზე, არამედ ხანგრძლივ იზოლაციაზე, რის გამოც დეკლარირებული ჰუმანიზმისა და ადამიანის უფლებების პრინციპები რეალურ პრაქტიკაში ძალადაკარგულია.

ბოლო ექვს წელიწადში საპატიმროებში მსჯავრდებულთა რაოდენობა 11%-ით გაიზარდა. 2025 წლის მონაცემებით, სასამართლო პრაქტიკა ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე, კრიტიკულ ნიშნულზეა.

კვლევების  შედეგები ადასტურებს, რომ პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელი 2023 წლის მინიმუმიდან (37.86%) 2025 წელს 52.26%-მდე გაიზარდა. 2025 წელს პენიტენციურ სისტემაში ჯამურად 22 767 მსჯავრდებული მოხვდა - ეს არა მხოლოდ 2024 წელთან შედარებით 25.5%-იანი ზრდაა, არამედ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც სტატისტიკის ეროვნული სამსახური მონაცემებს აღრიცხავს. 2024 წლის მონაცემებით, 100 000 მოსახლეზე საქართველო ევროპის საბჭოს 46 ქვეყანას შორის მეორე ადგილზე იყო პატიმრების რაოდენობით - 236.6 პატიმრით (ლიდერ ქვეყნას წარმოადგენდა თურქეთი - 408 პატიმრით 100 000 მოსახლეზე). პირობით ვადამდე გათავისუფლება კი 85%-ით შემცირდა.

 

სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის ჰუმანიზაცია ევროპული სამართლებრივი სივრცის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიმართულებაა. სისხლის სამართლის საპროცესო პატიმრობის გამოყენებას ultima ratio-ს  ("უკიდურესი ზომის") პრინციპს უკავშირებს, რაც გულისხმობს მის გამოყენებას მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა, ნაკლებ შემზღუდველი ღონისძიებები არასაკმარისია სამართლებრივი მიზნების მისაღწევად. თუმცა 2019-2025 წლების სტატისტიკური მონაცემები ამ გაცხადებულ პრინციპსა და სასამართლო პრაქტიკას შორის მზარდ განხეთქილებაზე მიუთითებს.

 

პატიმრობის გამოყენების სტატისტიკური დინამიკა (2019–2025):

 

2019-2023 წლების პერიოდში პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელი ზოგადი კლების ტენდენციით ხასიათდებოდა - 47.2%-დან 37.86%-მდე, რაც შეიძლება გაგებული იქნეს, როგორც ჰუმანიზაციის პოზიტიური ტენდეცია. 2024-2025 წლებში ეს ტენდენცია რადიკალურად შეიცვალა: 2025 წელს დაფიქსირდა  ბოლო ექვსი წლის პატიმრობის მაქსიმალური მაჩვენებელი - 52.26%.

• 2019 წელი — 47.2%

• 2020 წელი — 47.1%

• 2021 წელი — 41.51%

• 2022 წელი — 38.5%

• 2023 წელი — 37.86%

• 2024 წელი — 41%

• 2025 წელი — 52.26%

ცხრილი 1. პატიმრობის გამოყენების დინამიკა, 2019–2025 (წყარო: სახალხო დამცველის ანგარიშები)

გათავისუფლების მექანიზმების კრიზისი

პენიტენციური სისტემის გადატვირთულობა განპირობებულია არა მხოლოდ "შემავალი ნაკადის" ზრდით, არამედ გათავისუფლების სამართლებრივი მექანიზმების სისტემური პარალიზებით. ყველაზე კრიტიკული მაჩვენებელი პირობით ვადამდე გათავისუფლების  სტატისტიკაა: 2019 წელს 1 279 პირი გათავისუფლდა ამ მექანიზმით, 2025 წელს კი - მხოლოდ 195 პირი. სახეზეა 85%-იანი გაუარესება.

სასჯელის შემსუბუქების (შინაპატიმრობის) მაჩვენებელიც შემცირდა  236-დან (2019) 144-მდე (2025). ამნისტიის მექანიზმი კი ფრაგმენტული ხასიათის გამო სისტემის განტვირთვის ეფექტურ ინსტრუმენტად ვერ ჩამოყალიბდა.

შეწყალების ინსტიტუტიც პრაქტიკულად გაუქმებულია - შეწყალების კომისია იშვიათად და გაუმჭვირვალედ მუშაობს. 2025 წელს მიღებული გადაწყვეტილებების სიმცირე და მათი დასაბუთების არარსებობა ამ ინსტიტუტს სიმბოლურ ხასიათს ანიჭებს. შეწყალება, რომელიც ჯანმრთელობის მიზეზებით ხდება, ასევე მეტად შეზღუდულია.

ნარკოპოლიტიკა და პენიტენციური ტვირთი

სისტემის გადატვირთულობის სტრუქტურული კომპონენტია ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებულ პირთა მაღალი წილი - 5 000-ზე მეტი ადამიანი. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ნარკოტიკული დანაშაულის შემთხვევები - 5 322 ეპიზოდი  რაოდენობრივად აღემატება ქურდობის ყველა შემთხვევას ერთად და ბევრად აღემატება ძალადობრივი დანაშაულის მაჩვენებლებს (განზრახ მკვლელობა - 109, გაუპატიურება - 45, ყაჩაღობა - 83).

შედარებითი პერსპექტივიდან, სომხეთში ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებულ პირთა წილი დაახლოებით 18–22%-ს შეადგენს, საქართველოში კი ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მაღალია.

ქონებრივი დისკრიმინაცია და გირაოს პრაქტიკა

სასამართლო გადაწყვეტილებათა ანალიზი ავლენს შაბლონური დასაბუთების პრობლემას. გირაოს ოდენობის განსაზღვრისას პირის ქონებრივი მდგომარეობა ხშირად არ არის გათვალისწინებული, რაც პატიმრობას სიღარიბის ფაქტობრივ სანქციად აქცევს. ეს პრაქტიკა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტურ პრინციპს.

რეგიონული პერსპექტივა

საქართველოს სიტუაციის სრულფასოვნად გასააზრებლად მნიშვნელოვანია რეგიონული კონტექსტი. სომხეთში სასამართლო რეფორმების შედეგად 2018–2023 წლებში პატიმრობის წინასწარი გამოყენება მკვეთრად შემცირდა. მოლდოვამ ევროკავშირთან ასოცირების პროცესში მნიშვნელოვნად გააფართოვა ალტერნატიული ღონისძიებების გამოყენება. სერბეთში ზედამხედველობის ელექტრონული სამაჯური 2019 წლიდან ფართოდ დაინერგა. ამ კონტექსტში საქართველოს 2024–2025 წლების ტენდეცია საპირისპირო და შემაშფოთებელია.

 

წინამდებარე სტატისტიკა ცალსახად ადასტურებს, რომ 2024–2025 წლებში საქართველოს სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა ჰუმანიზაციის ტენდენციიდან გადაიხარა რეპრესიული მართლმსაჯულების მიმართულებით. პატიმრობის 52.26%-იანი მაჩვენებელი, პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის 85%-იანი კლება და 5 000-ზე მეტი ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებული ერთობლივად ქმნის სისტემური კრიზისის სურათს.

ეს კრიზისი სცდება სამართლებრივი ტექნიკის ფარგლებს და ახდენს პირდაპირ ზეგავლენას ათასობით ადამიანის ძირითად უფლებებზე. Ultima ratio-ს პრინციპის გააქტიურება, პირობით ვადამდე გათავისუფლების ინსტიტუტის ეფექტიანობის აღდგენა და სასამართლო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენს არა პოლიტიკური შეხედულებების საკითხს, არამედ კონსტიტუციურ და საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებას.

სარეკომენდაციო ჩარჩო:

სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის ლიბერალიზაცია - პატიმრობა გამოიყენებოდეს მხოლოდ ultima ratio-ს პრინციპის შესაბამისად. საკანონმდებლო დონეზე გაფართოვდეს ალტერნატიული სასჯელების - ჯარიმის, საზოგადოებრივი სამუშაოს, ელექტრონული მეთვალყურეობის  სავალდებულო განხილვის ვალდებულება.

  1. პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის აღდგენა - სასამართლოებმა და შესაბამისმა კომისიებმა უზრუნველყონ ამ ინსტიტუტის გამჭვირვალედ გამოყენება;
  2. შეწყალების ინსტიტუტის ეფექტიანობის აღდგენა - შეწყალების კომისია ვალდებულია ფუნქციონირებდეს გამჭვირვალე პროცედურებით, ხოლო, მისი გადაწყვეტილებები ექვემდებარებოდეს გასაჩივრებას; 
  3. ნარკოპოლიტიკის რეფორმა - ნარკოდამოკიდებულება კლასიფიცირდეს, პირველ რიგში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემად. სასამართლო პასუხისმგებლობის ნაცვლად გაფართოვდეს სამკურნალო და რეაბილიტაციური ღონისძიებების გამოყენება.
  4. ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია - ნაკლები სიმძიმის ეკონომიკური სამართალდარღვევებისთვის სისხლისსამართლებრივი სანქციის ნაცვლად გათვალისწინებულ იქნეს სამოქალაქოსამართლებრივი მექანიზმები და მედიაცია.
  5. სოციალური პრობლემების პრევენცია - სიღარიბე, უმუშევრობა და სოციალური გარიყულობა დანაშაულის სტრუქტურული გამომწვევებია. ეს საკითხები სისხლის სამართლის ნაცვლად სოციალური პოლიტიკის ინსტრუმენტებით უნდა გადაიჭრას; ადრეული ინტერვენციის პროგრამები კი სისტემაზე გრძელვადიან ზეწოლას ამცირებს.
  6. რეაბილიტაციის პრიორიტეტი - სასჯელაღსრულების სისტემაში პროფესიული განათლება, სოციალური ინტეგრაცია და ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია სავალდებულო სტანდარტად განისაზღვროს. მხოლოდ იზოლაციაზე ორიენტირებული სასჯელი ხელახალი დანაშაულის მაჩვენებელს ზრდის,  რაც სახელმწიფოს გრძელვადიან ინტერესებს ეწინააღმდეგება.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics