|
2025-08-21 19:08:03, 4961 ნახვა
სხვადასხვა
როგორ იყენებს "მაგთი" დომინანტურ მდგომარეობას ბოროტად - გამოძიება დაწყებულია
კომუნიკაციების კომისიამ ინტერნეტზე ფასების გაზრდით „მაგთიკომის“ მიერ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტის შესწავლა და მოკვლევა დაიწყო. საქმე ეხება „მაგთიკომის“ გადაწყვეტილებებს, რომლის მიხედვითაც, 1 ივნისიდან მობილური ინტერნეტის პაკეტების, ხოლო 1 აგვისტოდან ფიქსირებული ინტერნეტის ფასები გაძვირდა. კერძოდ: „მაგთიკომმა“ მობილური ინტერნეტის პაკეტი „ულიმიტო ინტერნეტ-კვირა“ 9 ლარიდან, 11%-ით, 10 ლარამდე, „ულიმიტო ინტერნეტ-თვე“ კი 32 ლარიდან, 9%-ით - 35 ლარამდე გააძვირა. კომისიის ხელთ არსებული ბოლო მონაცემებით, აღნიშნული პაკეტების აქტივაციების რაოდენობა ყოველთვიურად „ულიმიტო ინტერნეტ-კვირა“-ს შემთხვევაში 499 ათასს, ხოლო „ულიმიტო ინტერნეტ-თვე“-ს შემთხვევაში - 144 ათასს შეადგენს. შესაბამისად, კომპანია აღნიშნული პაკეტების აქტივაციების ამ რაოდენობის შენარჩუნების შემთხვევაში, თვიურ შემოსავალს ჯამურად დაახლოებით 931 ათასი ლარით გაზრდის.
ფიქსირებული ინტერნეტის შემთხვევაში „მაგთიკომის“ გადაწყვეტილებით, 1 აგვისტოდან ქვეყნის მასშტაბით იმ აბონენტებს, რომლებიც 50 მბ/წმ-იანი ფიქსირებული ინტერნეტ შეთავაზებით ან ინტერნეტს + IPTV მომსახურებით სარგებლობენ, მომსახურების ტარიფი 3 ლარით გაუძვირდათ. კომუნიკაციების კომისიის შეფასებით, ცვლილება დაახლოებით 456 ათას აბონენტს შეეხო, რაც, აბონენტების შენარჩუნების შემთხვევაში, „მაგთიკომის“ თვიურ შემოსავალს დაახლოებით 1.37 მილიონი ლარით გაზრდის. ცვლილებამ ფასზე ცალკემდგომ ინტერნეტ პაკეტზე თბილისში 8%-იანი, ხოლო რეგიონებში 10%-იანი ზრდა, კომბინირებულ შეთავაზებაში კი 4%-დან 9%-მდე გაძვირება გამოიწვია.
მობილურ და ფიქსირებულ ინტერნეტ პაკეტებზე ფასების გაძვირებამ კომუნიკაციების კომისიაში მომხმარებელთა მომართვიანობა გაზარდა. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ პირველადი შეფასება გააკეთა, რომელიც „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის (დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება) შესაძლო დარღვევის შესახებ გონივრულ ეჭვი წარმოშობს. კერძოდ, კანონმდებლობის შესაბამისად, დომინანტური მდგომარეობა განისაზღვრება ბაზარზე კომპანიის საბაზრო წილის, ასევე მისი კონკურენტების საბაზრო წილების, ბაზარზე შესვლის ბარიერების, წარმოების გაფართოების ბარიერების, მყიდველის საბაზრო ძალაუფლების, ხელმისაწვდომობის, ქსელური ეფექტებისა და ასევე, საბაზრო ძალაუფლების განმსაზღვრელი სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებად კი მათ შორის, არასამართლიანი ფასის ან არასამართლიანი სავაჭრო პირობების დადგენა, წარმოების, ბაზრის ან ტექნოლოგიური განვითარების მომხმარებლის ინტერესების საზიანოდ შეზღუდვა, ასევე პარტნიორებისთვის იდენტურ ტრანზაქციებზე განსხვავებული პირობების დაწესება და მათი არაკონკურენტულ მდგომარეობაში ჩაყენება ჩაითვალოს. „მაგთიკომის“ მიერ განხორციელებული ქმედებიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიისთვის იკვეთება სურათი, რომლის მიხედვითაც, კომპანიის მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს არასამართლიანი ტარიფების დაწესებასა და შესაძლო დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის შესაძლო ფაქტის შესწავლის მიზნით, საქმის მოკვლევა დაიწყო.
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)