|
2025-03-19 15:09:21, 559 ნახვა
სამართალი
საია - რეპრესიების ფონზე საგანგაშოა, თავდაცვის სამინისტროდან 150-მდე პირია გათავისუფლებული
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საჯარო დაწესებულებებიდან ასობით თანამშრომლის გათავისუფლება, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროში (150-მდე პირი) დაწყებული რეორგანიზაციის პროცესი არსებული სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, საჯარო სექტორში დასაქმებულთა უფლებებს არღვევს, ასევე, აღსანიშნია, რომ გათავისუფლებულთა ნაწილი ევროინტეგრაციის მხარდამჭერი განცხადების ხელმომწერია - საია ადმინისტრაციულ ორგანოებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საჯარო სამსახურებში დასაქმებული პირების უკანონო გათავისუფლება და უზრუნველყონ საჯარო მოხელეთა უფლებების დაცვა. "როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის პარალელურად, საჯარო დაწესებულებებიდან ასობით თანამშრომელი გაათავისუფლეს. მათ ნაწილს, შრომითი ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს სხვადასხვა დასაბუთებით. ამ პროცესს წინ უძღოდა 2024 წლის 13 დეკემბერს, პარლამენტის მიერ "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანა, რომელიც ცალსახად ნეგატიურია, აუარესებს საჯარო სექტორში დასაქმებულთა/საჯარო მოხელეთა უფლებრივ მდგომარეობას და ტოვებს მათ სამართლებრივი გარანტიების გარეშე.1 გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე საჯარო დაწესებულების, მათ შორის, საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციის შესახებაც.2 გათავისუფლებულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ისინი დისკრიმინაციული საფუძვლით გაათავისუფლეს, რადგან ევროინტეგრაციის პროცესის მხარდასაჭერად გავრცელებული განცხადებების ხელმომწერები იყვნენ, ან/და ღიად აფიქსირებდნენ უწყებებში მათ მოსაზრებას ქვეყნის პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით. საჯარო სექტორში მიმდინარე რეპრესიების ფონზე, საგანგაშოა თავდაცვის სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაციის პროცესი. საიას ინფორმაციით, ამ დროისთვის თავდაცვის სამინისტროდან 150-მდე პირია უკვე გათავისუფლებული, მათ ნაწილს საია უწევს სამართლებრივ დახმარებას. შესწავლილი საქმეებიდან გამოიკვეთა, რომ უწყებაში თანამშრომელთა წინასწარი ინფორმირებისა და საკითხის სრულყოფილად შესწავლის გარეშე დაიწყო რეორგანიზაცია. რეორგანიზაციის პროცესში გაუქმდა ზოგიერთი სტრუქტურული ერთეული და თანამშრომელთა ნაწილი ავტომატურად გათავისუფლდა, ხოლო ნაწილი - გადაიყვანეს სხვადასხვა პოზიციებზე. ამ დროისთვის დასაქმებულებისთვის უცნობია რამ გამოიწვია რეორგანიზაცია და შტატების შემცირება, ამასთან, რა კრიტერიუმებსა და შეფასებებზე დაყრდნობით განისაზღვრა, ვინ უნდა გათავისუფლებული სამსახურიდან. ამგვარად თანამშრომელთა გათავისუფლება, არსებული სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, გათავისუფლების უკანონოდ მიჩნევის საფუძველია" - წერს საია. საია მიიჩნევს, რომ საჯარო უწყებებში, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე დასაქმებულთა გათავისუფლების პროცესი კანონმდებლობას არ შეესაბამება და წარმოადგენს პოლიტიკური ნიშნით რეპრესიას საჯარო მოხელეების მიმართ. "პროცესი ხორციელდება უსამართლოდ, გაუმჭვირვალედ და სასამართლო პრაქტიკის იგნორირებით, რაც არღვევს საჯარო სექტორში დასაქმებულთა უფლებებს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ გათავისუფლებულთა ნაწილი ევროინტეგრაციის მხარდამჭერი განცხადების ხელმომწერია, რაც აშკარა დისკრიმინაციის და გამოხატვის თავისუფლების დარღვევის მაგალითია". - ვკითხულობთ დოკუმენტში.
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
მარკუს ლამერტი: ვიზების შეზღუდვები გამოწვეულია საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევით
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)