|
2025-03-18 17:30:17, 913 ნახვა
სამართალი
21 წლის ბიჭის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ 21 წლის გიორგი ახალაიას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს, ლუკა შენგელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა 10 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდების თაობაზე. პროცესზე ბრალდების მხარემ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. როგორც სასამართლო სხდომაზე პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა აღნიშნა, 16 მარტს, ლუკა შენგელიამ ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, რაც უალტერნატივოდ იმსახურებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას, ასევე, არსებობს ვარაუდი მტკიცებულების განადგურების, მიმალვის ან შემდეგში კვლავ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები. პროკურორის განმარტებით, გიორგი ახალაიასა და ლუკა შენგელიას შორის თავდაპირველად მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, რაც შემდგომში გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. მისი თქმით, ამ დროს შენგელიამ ამოიღო დანა, რომელიც გიორგი ახალაიას მუცლის არეში ჩაარტყა, შედეგად ახალაია კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. პროკურორის განმარტებით, სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, მიყენებული ჭრილობით დაზიანდა ღვიძლი, რის შედეგადაც გიორგი ახალაიას გარდაცვალება დადგა. პროკურორის თქმით, ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა. “თვითმხილველებმა დაინახეს, თუ როგორ დაარტყა ლუკა შენგელიამ გიორგი ახალაიას დანა… ბრალდებულმა გამოავლინა უკიდურესად დაუნდობელი, აგრესიული ხასიათი, როდესაც ჭრილობა მიაყენა მუცლის არეში გარდაცვლილს. ეს მიანიშნებს შემდეგს - საშიშროებაა იმისა, რომ გაგრძელდება მისი დანაშაულებრივი საქმიანობა. ამის აღსაკვეთად კი საჭიროა მისი უპირობო იზოლაცია- პატიმრობა” , - განაცხადა პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, როგორც ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და ინანიებს. მისი თქმით, ბრალდების მხარე ვერ ასაბუთებს, რომ ბრალდებული პირი ხელს შეუშლის გამოძიებას ან მიიმალება. ადვოკატის თქმით, არ არსებობს ბრალდებულის მხრიდან, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხე, ამიტომ სასამართლოს 10 000 ლარის ოდენობით გირაოს გამოყენებით მიმართა. “ის თავად გამოცხადდა პოლიციაში, დაუკავშირდა ისნის პოლუციის უფროსს და თავად ჩაბარდა პოლიციას. ის აღიარებს და ინანიებს დანაშაულს. ამბობს, რომ კონფლიქტი მას არ დაუწყია. ის ზრდის თავის ორ მცირეწლოვან ძმას, შესაბამისად დადებითად ხასიათდება ეს ადამიანი. ემზადებოდა მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად, მაგრამ სამწუხაროდ, ამაში ამოყო თავი”, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ. სასამართლო სხდომაზე სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმა ლუკა შენგელიამ. “ინციდენტი რაც მოხდა, მე იქიდან გავიქეცი იმ მიზნით, რომ დავმალულიყავი. უბრალოდ შეშინებული და აფორიაქებული ვიყავი… მე გაქცევა არ მინდოდა, არც დამალვა არ მინდოდა. ვაღიარებ ყველაფერს”, - განაცხადა ბრალდებულმა ლუკა შენგელიამ სხდომაზე. შეგახსენებთ, მკვლელობა თბილისში 15 მარტს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა თბილისში, ერთ-ერთი ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღით 21 წლის ბიჭი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ერთ-ერთი ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღით 2004 წელს დაბადებული გიორგი ახალაია დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ბრალდებულ ლუკა შენგელიას 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
მარკუს ლამერტი: ვიზების შეზღუდვები გამოწვეულია საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევით
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)