22:50 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-10 11:15:47, 565 ნახვა

მსოფლიო
გერმანიის უმსხვილეს აეროპორტებში 24-საათიანი გაფიცვა დაიწყო

გერმანიის უმსხვილეს აეროპორტებში მიწისზედა მომსახურებისა და ავიაციის უსაფრთხოების თანამშრომლებისა და საჯარო მოსამსახურეების 24-საათიანი გაფიცვა დაიწყო

გაფიცვა გერმანიის უმსხვილეს აეროპორტებს შეეხება - ფრანკფურტის, მიუნხენის, შტუტგარტის, კიოლნის/ბონის, დიუსელდორფის, დორტმუნდის, ჰანოვერის, ბრემენის, ჰამბურგის, ბერლინ-ბრანდენბურგისა და ლაიფციგ-ჰალეს აეროპორტებს. 

გერმანიის აეროპორტთა ასოციაციის (ADV) ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ დაახლოებით 3 400 ფრენა გაუქმდება, რაც 510 000 მგზავრის გეგმებზე აისახება. 

გერმანულმა საავიაციო ჯგუფმა, Lufthansa-მ განაცხადა, რომ მათი ავიახაზების ფრენებს "შეფერხება და მრავალი გაუქმება" შეეხება. 

ფრანფკურტის აეროპორტმა მგზავრებს სერიოზული შეფერხებების შესახებ გააფრთხილა და მოუწოდა, "ავიახაზებთან თავიანთი ფრენის სტატუსი შეამოწმონ, სანამ აეროპორტში მოვლენ". 

დასაქმებულებს გაფიცვისკენ პროფკავშირმა, Ver.di-მ მოუწოდა, მას შემდეგ, რაც ხელფასის ზრდაზე მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ჩაიშალა. 

Ver.di დაახლოებით 2.5 მილიონი დასაქმებულისთვის კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებას ცდილობს. 

პროფკავშირი, მათ შორის, დასაქმებულთა ხელფასების 8%-იან ზრდას, უფრო მაღალ ბონუსებსა და შვებულების დღეთა მომატებას ითხოვს. 

გერმანიის ფედერალური მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლებების თქმით, პროფკავშირის მოთხოვნები განხორციელებადი არ არის. 

9 მარტს, მასშტაბური გაფიცვის გამოცხადებამდე, ჰამბურგის აეროპორტში მიწისზედა მომსახურების თანამშრომლები გაფრთხილების გარეშე გაიფიცნენ და მუშაობა ნაადრევად შეწყვიტეს.

როგორც ჰამბურგის აეროპორტის წარმომადგენელმა საინფორმაციო სააგენტო dpa-ს უთხრა, გაფიცვის შედეგად 144 ჩასვლისა და 139 გამგზავრების ფრენებიდან მხოლოდ 10 დილის რეისი შესრულდა, დანარჩენი კი გაუქმდა. გაფიცვა დაახლოებით 40 000 მგზავრს შეეხო. 

Ver.di-ს წარმომადგენელმა dpa-სთან თქვა, რომ ამ კვირაში სახელმწიფო აეროპორტებში დამატებითი გაფიცვები იგეგმება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics