|
2020-10-19 12:56:39, 4008 ნახვა
კლინიკებში მოთავსებული კოვიდინფიცირებულები და იზოლაციაში მყოფი პირები არჩევნებში ხმის მიცემას შეძლებენ
საარჩევნო ადმინისტრაცია სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების ყველა ჯგუფს შესაბამის მომსახურებას სთავაზობს 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფისა და მათი საყოველთაო საარჩევნო უფლების რეალიზების მიზნით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ცესკოს ინიციტივით შექმნილმა სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ისე პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, გამართეს შეხვედრები და იმსჯელეს იმ რეკომენდაციებზე, რომელთა გათვალისწინებითაც აღნიშნულ პირებს, ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების და სანიტარულ-ჰიგიენური წესების მაქსიმალური დაცვით ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. სამუშაო ჯგუფის წევრებთან კონსულტაციების შედეგად ცესკომ შეიმუშავა დოკუმენტი, რომელიც უკვე გადაგზავნილია დამატებითი მოსაზრებების გასაზიარებლად ჯგუფის წევრებთან და რომელზეც ცესკო უახლოეს სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას. ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაცია მადლობას უხდის სამუშაო ჯგუფის წევრებს კონსტრუქციული მუშაობისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის. საარჩევნო ადმინისტრაცია სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს სთავაზობს არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა საარჩევნო კომისიის ფუნქციების მქონე სპეციალური ჯგუფების მომსახურებით. კერძოდ, ცესკო მუნიციპალიტეტებში საოლქო საარჩევნო კომისიების მოქმედების საზღვრებში შექმნის არანაკლებ ერთ საარჩევნო უბანს და დააკომპლექტებს სპეციალურ ჯგუფებს. სპეციალური ჯგუფის წარმომადგენელები უზრუნველყოფენ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინში მყოფ ამომრჩევლებთან საარჩევნო ყუთის მიტანას. ამასთან, თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში, ექნებათ შესაძლებლობა საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურების მოთხოვნით. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის შეთავაზება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის ცალკე საარჩევნო უბნების გახსნასა და სპეციალური ჯგუფების საშუალებით, მობილური ყუთებით მომსახურების შესახებ, უზრუნველყოფს ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურ უსაფრთხოებას. სპეციალური ჯგუფის თითოეული წევრი, მათ შორის საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილე აღჭურვილი იქნება შესაბამისი ეკიპირებით, კერძოდ, ერთჯერადი ხალათით, ნიღბით, ხელთათმანით, დამცავი ფარითა და სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებებით. სრულად იქნება დაცული ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები, რაც ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების პრევენციას. სპეციალურ უბნებსა და მის წევრებს არ ექნებათ შეხება ჩვეულებრივ საარჩევნო უბნებთან და შესაბამის პროცესთან, რაც უზრუნველყოფს მეტ უსაფრთხოებას, პროცესის დაცულობას და ამასთან, ჩართული მხარეებისთვის მონაწილეობის შესაძლებლობას. ნიშანდობლივია, რომ ხმების დათვლა განხორციელდება არა საკარანტინო სივრცეებსა თუ სამედიცინო დაწესებულებებში, არამედ ცალკე, სპეციალურად შექმნილ საარჩევნო უბნებში, რაც ხელს შეუწყობს პროცესის მეტ გამჭვირვალობას. რა თქმა უნდა, კანონმდებლობის თანახმად, შესაბამისი წესების დაცვით დამკვირვებლებს, მედიას და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა გაყვნენ გადასატან საარჩევნო ყუთს, დააკვირდნენ კენჭისყრის დღის მიმდინარეობას და ხმების დათვლის პროცესს. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია დადგენილი პროცედურების უზრუნველსაყოფად მოახდენს როგორც სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების, ისე არჩევნებში ჩართული მხარეების დროულ ინფორმირებას, რაც ხელს შეუწყობს პროცესის ყველა მონაწილის კონსტიტუციური უფლების რეალიზებას.
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
სამებაში ოჯახის სიწმინდეს რეჟიმის წარმომადგენლები აღნიშნავენ
ცოტნე ივანიშვილი -ქართული საზოგადოება მტკიცედ დგას, ქართული სამშობლოს სუვერენიტეტს
კაცი მარკეტში შეიჭრა, მოლარე სცემა და მაღაზია გაქურდა, იგი პოლიციამ დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)