|
2019-04-01 12:09:16, 1025 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი: სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაცია საქართველოში კვლავ გამოწვევაა
სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაცია საქართველოში კვლავ ერთ-ერთ გამოწვევად რჩება, - ამის შესახებ სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშშია აღნიშნული. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული ჰომოფობიური დამოკიდებულებები ხშირად ლგბტ+ თემის წარმომადგენლების მიმართ დისკრიმინაციის საფუძველი ხდება. "აღსანიშნავია 2019 წლის თებერვალში პარლამენტის წევრის მიერ „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონიდან სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის, როგორც დისკრიმინაციისგან დაცული საფუძვლების, ამოსაღებად წარდგენილი კანონის პროექტი. გასული საანგარიშო პერიოდის მსგავსად, მომსახურების სფეროში დისკრიმინაციის შემთხვევებზე ლგბტ+ თემის მხრიდან მომართვიანობა კვლავ შენარჩუნებულია. ასევე პრობლემურია თემის წარმომადგენელთა მიერ უძრავი ქონების ქირავნობასთან დაკავშირებული საკითხები, მაგალითად, შემთხვევა, როდესაც ლგბტ+ თემის წარმომადგენელთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობა 17-ს“ საოფისე ფართი მისი საქმიანობის გამო არ მიაქირავეს. საანგარიშო პერიოდში იყო მომართვები ტრანსგენდერთა მიერ ჯანმრთელობის დაცვის სერვისებით სარგებლობის შესახებ. განმცხადებლები აღნიშნავდნენ, რომ ჯანდაცვის სხვა კომპონენტებისგან განსხვავებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ ფინანსდება სამედიცინო მომსახურება, რომელიც ტრანსგენდერთა საჭიროებებზეა მორგებული. თემის წევრების მიმართ საზოგადოების ნეგატიურ დამოკიდებულებაზე მეტყველებს ის ინციდენტები, რომელსაც ბოლო პერიოდში ჰქონდა ადგილი. ამ მხრივ, უნდა აღინიშნოს 2018 წლის 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ აქციაზე მომხდარი შემთხვევა, როდესაც ლგბტ+ თემის ერთ-ერთ წარმომადგენელს სიტყვით გამოსვლისას ფიზიკური დაზიანება მიაყენეს. ამასთან, მიმდინარე წლის 28 სექტემბერს, ლგბტ+ პირთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის, „თანასწორობის მოძრაობის“ თანამშრომლებს ოფისის მეზობლად მცხოვრებმა პირმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე სიმპტომურია საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტნის, გურამ კაშიას მიერ ლგბტ+ პირთა მხარდასაჭერად გაკეთებული სამკლაურის და ამისთვის უეფასგან მიღებული ჯილდოს გამო საზოგადოების ნაწილის მხრიდან გამოხატული აგრესია როგორც თავად გურამ კაშიას, ისე ლგბტ+ თემის მიმართ. უფრო მეტიც, 9 სექტემბერს „დინამო არენაზე“ გამართული საფეხბურთო მატჩისას, რომელშიც აღნიშნული მოვლენების შემდეგ გურამ კაშიამ პირველად მიიღო მონაწილეობა და რომელსაც გულშემატკივართა ნაწილი სწორედ მისთვის მორალური მხარდაჭერის გამოცხადების მიზნით ესწრებოდა, პოლიციის თანამშრომლებმა ლგბტ+ თემის წარმომადგენლებს არ მისცეს შესაძლებლობა, ლგბტ+ თემის სიმბოლური ცისარტყელის ფერებიანი დროშა გაეშალათ", - ნათქვამია ანგარიშში.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)