|
2026-07-23 13:54:21, 288 ნახვა
პოლიტიკა
ზატულინის აზრით, ჭიღლაძის დაუსჯელობა რუსების საქართველოში მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს
რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი და დსთ-ის საქმეთა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კონსტანტინ ზატულინი რუსულ მედია გაზეტა.რუ-სთან საქართველოში, თელავში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. "ადამიანმა, რომელმაც ზიანი მიაყენა სხვა ადამიანს, მიუხედავად მისი ეროვნებისა თუ მოქალაქეობისა, უნდა აგოს პასუხი, თუ საქმე მართლაც ასეა. ეჭვი არ მეპარება, რომ ისინი, ვინც მას იცავენ პრინციპით - "ჩვენიანს არ გავწირავთ" - სინამდვილეში თავად საქართველოს იმიჯს აზიანებენ. თუმცა, ჩემი აზრით, იმ ადამიანების საქციელის გადატანა, რომლებიც დამნაშავეს მხარს უჭერენ, ყველა თბილისელსა თუ მთლიანად საქართველოზე, არასწორია",- თქვა მან. ზატულინი ამბობს, რომ თუ რუსეთის მოქალაქე ქალზე თავდამსხმელი საქართველოს მოქალაქე - არ დაისჯება მხოლოდ იმიტომ, რომ "თავისიანია" - ეს გავლენას მოახდენს იმ ადამიანთა [რუსების] გადაწყვეტილებაზე, რომლებიც საქართველოში მოგზაურობას გეგავდნენ". თელავის რაიონულმა სასამართლომ Agarani Estate-ში ქორწილის დროს მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაკავებულ გიორგი ჭიღლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ინციდენტი 18 ივლისს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მდებარე სასტუმრო Agarani Estate-ში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქორწილის სტუმრებსა და სასტუმროში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს შორის თავდაპირველად სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, რომელიც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. გამოძიების მასალების მიხედვით, რუსმა ტურისტებმა სასტუმროს აივნიდან ქორწილის სტუმრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და წყალი გადაასხეს მუსიკალურ აპარატურას. ამის შემდეგ, ბრალდების ვერსიით, გიორგი ჭიღლაძემ ერთ-ერთ ქალს ფიზიკური დაზიანება მიაყენა. თავის მხრივ, თავად გიორგი ჭიღლაძეც აცხადებს, რომ ყელის არეში დაზიანება მიიღო. მომხდარის შემდეგ სამართალდამცავებმა გიორგი ჭიღლაძე დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)