|
2024-05-28 09:48:05, 438 ნახვა
ეკონომიკა
გურამ გურამიშვილი - ჩინეთიდან საქართველოში საპილოტე გადაზიდვა შედგა
შუა დერეფნის ისტორიაში პირველად, ჩინეთიდან საქართველოში ორგანიზებული საპილოტე ავტოგადაზიდვა განხორციელდა - ჩინეთის ქალაქ ურუმჩიში დატვირთული ავტომობილები საქართველოში ყაზახეთის, კასპიის ზღვისა და აზერბაიჯანის გავლით საქართველოში 26 მაისს შემოვიდნენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის ინფორმაციით, ამჯერად ტვირთის საბოლოო დანიშნულების ადგილი საქართველო იყო, თუმცა, სამომავლოდ შესაძლებელია, შუა დერეფნის მარშრუტით ავტოგადაზიდვები ჩინეთიდან ევროპაში განხორციელდეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა ჩინეთის ტრანსპორტის სამინისტროს საერთაშორისო საავტომობილო ოფიცერ ლიუ ტანგსა და გურამ გურამიშვილს შორის, რომელსაც ასევე ესწრებოდა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან გამყრელიძე. მხარეებმა განხორციელებული საპილოტე გადაზიდვის შესახებ დეტალური ინფორმაცია განიხილეს. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ივლისის თვეში დაიგეგმა საქართველოს გავლით ანალოგიურ მარშრუტზე სატრანზიტო გადაზიდვა, რომელიც თურქეთის რესპუბლიკაში დასრულდება. „ჩინეთიდან საქართველოში ორგანიზებული ავტოგადაზიდვა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა იმ იმპორტიორებისა და მეწარმეებისთვის, რომელთაც ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები აქვთ. ამ ტიპის საავტომობილო გადაზიდვების შესაძლებლობა მათ მობილობას ბევრად გააადვილებს და ზოგადად, მიწოდების ჯაჭვში ტვირთების საქართველოში შემოსვლას გაცილებით ოპერატიულს გახდის", - განაცხადა გურამ გურამიშვილმა. ამასთან, მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ ეს მარშრუტი 2017 წლიდან მუშაობს სარკინიგზო ტრანსპორტის სახით, წელს კი პირველად გაიცვალა ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავალჯერადი საავტომობილო გადაზიდვის ნებართვები. „ასეთი სახის გადაზიდვების რაოდენობის ზრდის შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაში განვითარდება სხვადასხვა სახის ლოგისტიკური სერვისები. რაც მთავარია, ჩვენი ინფრასტრუქტურა ინტენსიურად ვითარდება და აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული საავტომობილო მაგისტრალი ამის პირველი დადასტურებაა. ქვეყანაში ასევე არაერთი გლობალური სატრანპორტო პროექტი ხორციელდება - ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო და რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტები, აქტიურ ფაზაში შევიდა ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის საჭირო პროცედურები", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. რაც შეეხება ამ მარშრუტით ავტოგადაზიდვის ვადებს - გურამიშვილის ინფორმაციით, ჩინეთიდან ევროპაში საზღვაო გზით ტვირთის გადაზიდვას 52 დღე სჭირდება, მაშინ, როცა შუა დერეფნის გავლით საქართველოს პორტებამდე საკონტეინერო გადაზიდვა 12 დღეშია შესაძლებელი. მისი შეფასებით, გადამზიდავი კომპანიებისთვის ეს პროექტი და მარშრუტი უაღრესად მიმზიდველია. „შესაბამისად, საქართველო გლობალური მიწოდების ჯაჭვში შუა დერეფნის სახით მნიშვნელოვანი მოთამაშე ხდება", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)