|
2015-07-03 14:33:49, 602 ნახვა
პოლიტიკა
საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთისგან 70 320 000 ევროს ოდენობის კომპენსაცია მოითხოვა
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან კოლექტიურად გამოძევებული ქართველების დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს პოზიციის ამსახველი დოკუმენტი წარადგინა და კომპენსაცია მოითხოვა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, მითითებული დოკუმენტი ეფუძნება 2014 წლის 3 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქმეზე − „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ − გამოტანილ გადაწყვეტილებას, რომლითაც ქართველების უფლებების დარღვევების არაერთი ფაქტი დადგინდა. „აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთში ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რის შედეგადაც რუსეთიდან გამოაძევეს 4,634 ქართველი, რითაც მათ მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეოთხე ოქმის მე-4 მუხლი. სასამართლომ, ასევე, მიუთითა, რომ 2,380 ქართველი იყო უკანონოდ დაკავებული რუსეთში და გამოძევებული ევროპული კონვენციის მე-3 და მე-5(1),(4) მუხლების დარღვევით, ხოლო დაკავებულებიდან სამი ქართველი დაიღუპა პატიმრობისას. სტრასბურგის სასამართლომ, ასევე, მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული უფლებების დარღვევის მსხვერპლთათვის არ იყო ხელმისაწვდომი სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებები, რამაც გამოიწვია კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევა მე-3, მე-5 (1), (4) მუხლებთან და მეოთხე ოქმის მე-4 მუხლთან ერთობლიობაში. აღნიშნული დარღვევების დადგენით რუსეთს წარმოეშვა სამართლებრივი ვალდებულება, საქართველოს გადაუხადოს კომპენსაცია ზემოაღნიშნული უფლებების დარღვევისთვის. კომპენსაციის ოდენობაზე შესათანხმებლად საქართველოსა და რუსეთის იუსტიციის სამინისტროებს 12-თვიანი ვადა მიეცათ, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, მხარეებს დაევალათ წერილობითი მოსაზრებების წარდგენა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. 2014 წლის 3 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მიმართა სტრასბურგის სასამართლოს და, როგორც შუამავალს, სთხოვა დახმარება რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროსთან სტრასბურგის სასამართლოს შენობაში მოლაპარაკებების წარმოებაში. პასუხად, საქართველოს მთავრობას ეცნობა, რომ მოლაპარაკებების პროცესში სასამართლოს ჩართულობა მიზანშეწონილი იქნებოდა მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მხარეები სასამართლოს წინაშე წარადგენდნენ პოზიციებს კომპენსაციის შესახებ“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. როგორც უწყებაში განმარტავენ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რუსეთის იუსტიციის სამინისტროდან სტრასბურგის სასამართლოს გვერდის ავლით არავითარი დოკუმენტაცია ან პოზიცია არ შემოსულა. „აღნიშნულის გათვალისწინებით, ევროპული სასამართლოს ინსტრუქციის შესაბამისად და რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროსთან მოლაპარაკებების შეუძლებლობის გამო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოში წარადგინა წერილობითი მოსაზრებები კომპენსაციის მოთხოვნის თაობაზე. განცდილი მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით საქართველო რუსეთის ხელისუფლებისაგან 70,320,000 ევროს ითხოვს. ეს ოდენობა ეფუძნება მსგავს საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილ პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს. აღნიშნულთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლო იმსჯელებს და განსაზღვრავს შემდგომ პროცედურასა და მხარეების მიერ გადასადგმელ ნაბიჯებს. სტრასბურგის სასამართლოს მეშვეობით უნდა მიიღოს საქართველომ რუსეთის პოზიციაც, რომელიც მას სასამართლოსთვის უნდა წარედგინა, ასევე, 12 თვის ვადაში“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადს არ დააწესებენ
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)