2019-05-25 22:23:13, 868 ნახვა
პოლიტიკა
ბულგარეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა
სოფიაში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღება გაიმართა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თამარ ლილუაშვილი. ელჩმა ისაუბრა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიასა და საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესის შესახებ.
ღონისძიების ფარგლებში სიტყვით ასევე გამოვიდა ბულგარეთის ვიცე-პრემიერი ილიანა იოტოვა, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
მიღების ფარგლებში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა : ქართული ნაციონალური სამოსის გამოფენა (ქართული სამოსის სახლი), ქართული სამარკო ღვინოების დეგუსტაცია ბულგარელი სომელიეს მონაწილეობით, „ქართული ღვინო და ჯაზი', რომელსაც მაია ბარათაშვილის „ჯაზ-დუო" აფორმებდა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ფოტო -ვიტრაჟი.
სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული მრავალფეროვანი სამზარეულო.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ბულგარეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მეფე სემიონ II , საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იური შტერკი, პარლამენტის საქართველოს მეგობრობის ჯგუფის და სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეები, ბულგარეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს საპატიო კონსულები, ბიზნესის და წამყვანი მასმედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან