2017-02-09 16:26:20, 2887 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის დედაქალაქში დღეს საერთაშორისო კინოფესტივალი Berlinale 2017 გაიხსნება
დღეს საღამოს გერმანიის დედაქალაქში საერთაშორისო კინოფესტივალი Berlinale 2017 გაიხსნება.
NBC News-ის ინფორმაციით, კინოთეატრის წინ, სადაც მთავარი ჩვენებები გაიმართება, უსაფრთხოების მიზნით სპეციალური ბარიერები აღმართეს. ამასთან, კინოფესტივალის ორგანიზატორების მოთხოვნით, ხელჩანთებს შესასვლელებში წელსაც შეამოწმებენ. დიდი ზომის ჩანთის მფლობელებს კი შენობაში საერთოდ არ შეუშვებენ.
რიგით 67-ე Berlinale ლეგენდარული ჯაზ გიტარისტის, ჯანგო რეინჰარდტის შესახებ გადაღებული ფილმის ჩვენებით გაიხსნება. სურათი საკონკურსო ფილმების სიაშიცაა შესული.
მთავარი ჯილდოების, ოქროსა და ვერცხლის დათვის ქანდაკების მოსაპოვებლად სულ 18 ნამუშევარი იბრძვის. გამარჯვებულს ჟიური, ჰოლანდიელ რეჟისორ პოლ ვერჰოვენის თავმჯდომარეობით, 19 თებერვალს გამოავლენს.
ცნობისთვის, რეზო გიგინეიშვილის ფილმის „მძევლები“ მსოფლიო პრემიერა ბერლინის კინოფესტივალზე გაიმართება. ქართველი რეჟისორის ფილმის მსოფლიო პრემიერა Berlinale-ზე სექციაში "Panorama Special" შედგება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან