|
2020-01-22 12:51:20, 985 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - თბილისის მერიამ კოჯორი-შინდისის მიმდებარე ტერიტორიებზე განაშენიანების პირველადი საპროექტო გადაწყვეტილებები მოამზადა
„კოჯორი-შინდისის მიმდებარე ტერიტორიებზე, სადაც გენერალური გეგმის ფარგლებში მშენებლობების განხორციელება დროებით შეჩერდა, განაშენიანების პირველადი საპროექტო გადაწყვეტილებები მომზადდა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დაიგეგმა ქუჩათა ქსელი, კომუნიკაციები, სოციალური და საჯარო სივრცეები, განისაზღვრა სამშენებლო განვითარების სპეციალური პირობები და განაშენიანების რეგულირების გეგმის გარეშე მათი განვითარების შესაძლებლობა. კახა კალაძის თქმით, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ფარგლებში, განისაზღვრა 11 არეალი, რომელთა შორის კოჯორი-შინდისის მიმდებარე ტერიტორიებია, მშენებლობების განხორციელება დროებით შეჩერდა, რათა აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე ქაოტური განაშენიანება არ მომხდარიყო. „ჩვენ დავიწყეთ ამ ტერიტორიების შესწავლა და გვინდოდა, რომ ბიზნესისთვის მიგვეწოდებინა უკვე დამუშავებული პროექტები, რათა თავიდან აგვეცილებინა ქალაქის ქაოტური განაშენიანება, რომ არ მივიღოთ ისეთი უბნები, რომლებიც დღეს პრობლემას წარმოადგენს. პრობლემაა იმ თვალსაზრისით, რომ არ არსებობს წყალარინებისა და წყალმომარაგების სისტემები, ასევე, საგზაო ინფრასტრუქტურა, არ არის შესაძლებელი, რომ ამ კონკრეტულ ქუჩებზე საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა იმოძრაოს. ეს, რა თქმა უნდა, იქ მცხოვრები მოქალაქეების უკმაყოფილებას იწვევს. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, ამ 11 არეალზე მშენებლობის უფლებები შეგვეჩერებინა, ჩვენ თვითონ დაგვეპროექტებინა, ბიზნესისთვის მიგვეწოდებინა და გვეთქვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს კონკრეტული არეალები“, - აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერმა ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსს, გიორგი ებანოიძეს მიწის მფლობელებთან და სამშენებლო სექტორთან აქტიური კომუნიკაცია დაავალა. „რაც შეიძლება სწრაფად დაიწყეთ კომუნიკაცია მათთან, ვინც ამ კონკრეტულ არეალში მიწის ნაკვეთებს ფლობს. ასევე, დაიწყეთ კომუნიკაცია სამშენებლო სექტორთან და მიაწოდეთ სრული ინფორმაცია, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ კონკრეტული მიწების ნაკვეთების განვითარება. ის, რაც თქვენ გააკეთეთ და რაზეც გაქვთ ნამუშევარი, წინგადადგმული ნაბიჯია და ამ კონკრეტული არეალების სწორად განვითარების შესაძლებლობას მოგვცემს“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, საჯარო განხვილვების მოწყობისა და მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდების დავალებაც გასცა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)