|
2019-06-15 14:05:46, 1877 ნახვა
ეკონომიკა
მიქაბაძე: ქალთა ეკონომიკური გაძლიერება უმნიშვნელოვანესია ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისათვის
„ქალთა ეკონომიკური გაძლიერება უმნიშვნელოვანესია ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისათვის. ეკონომიკური მოდელი, სადაც საზოგადოების ყველა წევრს თანაბარი შესაძლებლობები და არა-დისკრიმინაციული წვდომა ექნება იმ სარგებელზე, რომელსაც თავად ეს საზოგადოება ქმნის, არის ერთადერთი გზა, რომ დავძლიოთ ჩვენი ქვეყნის უმთავრესი გამოწვევა - სიღარიბე", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ბათუმში მიმდინარეობს. რიგით მეორე რეგიონალური ფორუმის ორგანიზატორია ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის", აშშ - ს საელჩო საქართველოში დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, აგრეთვე გაეროს ქალთა ორგანიზაცია და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და აჭარის ა. რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატა. პირველი რეგიონალური ფორუმი ქუთაისში გაიმართა. ფორუმი გახსნეს ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინო კობახიძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე თამაზ შავაძემ. თავის გამოსვლაში, ეკატერინე მიქაბაძემ აქცენტი გენდერული თანასწორობის კუთხით ქვეყანაში უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე გააკეთა. მისი თქმით, საქართველოში ბევრი რამე გაკეთდა გენდერული თანასწორობის მიმართულებით, თუმცა გამოწვევები კვლავ რჩება. „დღეს, 15-დან 64 წლამდე ქალების მხოლოდ 56 პროცენტია ჩართული ეკონომიკურ აქტივობაში, მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი კაცებისათვის დაახლოებით 80 პროცენტია. ეს მიუთითებს ადამიანური კაპიტალის არასათანადოდ გამოყენებაზე. ქალების სრულფასოვანი ჩართვა სამეწარმეო საქმიანობაში საშულებას მოგვცემს, მნიშვნელოვნად გავზარდოთ ჩვენი გამოშვება. მსოფლიო ბანკის შეფასებით, ქალების იმავე დონით ჩართვა აქტივობაში, როგორ კაცების, ჩვენი ქვეყნის გამოშვებას 11 პროცენტით გაზრდის," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების მიერ არაერთი ღონისძიება ტარდება, სადაც ხდება ქალების კონკურენტუნარიანობის ზრდა სამეწარმეო უნარების და ფინანსური განათლების გაუმჯობესების გზით. მისი თქმით, „ფინანსური თუ არაფინანსური ინსტრუმენტებით საქართველოს მთავრობა, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორებთან ერთად ეხმარება ქალებს უფრო მეტად ჩაერთონ ბიზნესში და გაძლიერდნენ, რაც საბოლოოდ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე ერთმნიშვნელოვნად დადებითად აისახება". ფორუმის ფარგლებში, ფუნქციონირებს საინფორმაციო პავილიონები, სადაც ფორუმის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროგრამებს და მიიღონ მათი ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია. მათ შორის, ფუნქციონირებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ების - სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პავილიონები.
(NS)
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)