|
2019-01-22 18:34:21, 1268 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს პირველი რესპუბლიკის საარქივო დოკუმენტებს სტუდენტები იკვლევენ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის სტუდენტური პროექტის მონაწილეებმა ჩვენი ქვეყნის 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველი საარქივო დოკუმენტების შესწავლაზე მუშაობა დაიწყეს. სტუდენტები მკვლევართა დარბაზში ორი თვის განმავლობაში იმუშავებენ სხვადასხვა თემაზე: „კულტურის პოლიტიკა 1918-21 წლების საქართველოში" (თათია ბარბაქაძე); „ბოლშევიკური ამბოხი დუშეთის მაზრაში 1918 წელს" (ლაშა ჩანტლაძე); „1919 წლის გურიის ბოლშევიკთა აჯანყება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ" (ქეთევან სიხარულიძე) და „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურა და საქმიანობა" (ირაკლი სილინი). პროექტის მიზანია 1918-1921 წლების საქართველოს ისტორიის უცნობი ან ნაკლებად ცნობილი საკითხების შესწავლა, დასკვნების გამოტანა და გააზრება; იმ სტუდენტთა წახალისება, რომლებსაც სურვილი აქვთ მომავალში იკვლიონ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორია. ეროვნული არქივისთვის პრიორიტეტულია ახალგაზრდების ხელშეწყობა მკვლევრისთვის საჭირო უნარების განვითარებაში, რაშიც მათ დაეხმარება ყველაზე ძვირფას და საჭირო მასალაზე - საარქივო პირველწყაროზე - მუშაობა. პროექტში მონაწილეობის მსურველთათვის გამოცხადებული კონკურსით ოთხი სტუდენტი შეირჩა - სამხატვრო აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტი თათია ბარბაქაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებების ფაკულტეტის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტი ლაშა ჩანტლაძე, თსუ-ის ისტორიის მიმართულების ბაკალავრიატის მეოთხე კურსის სტუდენტი ქეთევან სიხარულიძე და კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი ირაკლი სილინი. მუშაობის დასრულების შემდეგ სტუდენტები საკუთარ ნაშრომებს პრეზენტაციაზე წარმოადგენენ, ამასთანავე, გამოქვეყნდება კვლევების ელექტრონული ვერსია. სტუდენტურ პროექტს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი.
(NS)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)