|
2018-10-02 13:24:36, 1243 ნახვა
საზოგადოება
„თბილისობის“ ღონისძიებები ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება
„თბილისობა 2018“-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები დედაქალაქში ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება. თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე „თბილისობა 2018“-ის ფარგლებში, 6 და 7 ოქტომბერს დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა. კახა კალაძის განცხადებით, კულტურულ-გასართობი ღონისძიებები თბილისში ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და დედაენის ბაღში, რიყის პარკში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ევროპის მოედანსა და ლეღვთახევში გაიმართება. „ღონისძიებები, რომელიც „თბილისობა 2018“-ის აღსანიშნავად დედაქალაქში 6 და 7 ოქტომბერს გაიმართება, საკმაოდ დატვირთული იქნება. 6 ოქტომბერს ევროპის მოედანზე შედგება „თბილისური ვოდევილის“ პრემიერა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული სცენის ვარსკვლავები ყველა იმ ეთნოსითა და ნიუანსით, რომელიც თბილისს ახასიათებს. სცენაზე მულტიკულტურული თბილისი გაცოცხლდება. „თბილისობის“ დღესასწაულის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროექტი იქნება „გვიდირიჟორე“. სპეციალურად მოწყობილ სცენაზე განთავსებული ორკესტრი მსმენელს პოპულარულ მელოდიებს შესთავაზებს“, - განაცხადა თბილისის მერმა. მისივე თქმით, 7 ოქტომბერს, კონკას მიმდებარე სკვერში, კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის ბიუსტი გაიხსნება და „ქართული ხმების“ კონცერტი გაიმართება. პირველი რესპუბლიკის მოედანზე კი, თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება და გრანდიოზული გალა-კონცერტი შედგება, რომელიც ასევე, რევაზ ლაღიძის შემოქმედებას მიეძღვნება. „კონცერტს მუსიკალურად გააფორმებს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ხოლო სცენაზე იდგება ყველა ის მომღერალი, რომელიც სიმღერებს გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის რეპერტუარიდან ასრულებს. ასევე, რიყის პარკში მოეწყობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ყვავილების ინსტალაცია, რომლის გარშემოც სხვადასხვა კულინარიული კუთხეები განთავსდება. საზეიმო ღონისძიებების პროგრამა საკმაოდ საინტერესო იქნება. ამიტომ, მივმართავ ყველას, ვისაც გაუხარდება, მოვიდეს, მოიყვანონ შვილები, შვილიშვილები და „თბილისობა“ ერთად ვიზეიმოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)