|
2018-04-27 21:21:01, 1763 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირი არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით შეშფოთებას კიდევ ერთხელ გამოთქვამს
ევროკავშირმა კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება ამა წლის თებერვალში, ცხინვალში, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ევროკავშირის სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესსპიკერის, მაია კოჟიანჩიჩის განცხადებაშია აღნიშნული. როგორც მაია კოჟიანჩიჩის განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამასთან, კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში – ადამიანის უფლებების სფეროში ზოგადი მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ეთნიკური დისკრიმინაციის, თავისუფალი გადაადგილების, საკუთრების უფლების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, ასევე იმ მუდმივი დაბრკოლებების შესახებ, რომლებიც ექმნებათ იძულებით გადაადგილებულ პირებს თავიანთ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლების განხორციელების პროცესში. „ამ სამწუხარო კონტექსტში, ევროკავშირი და საქართველო შეთანხმდნენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მოქმედ ადამიანის უფლებების საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმს, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM), აუცილებელად უნდა მიეცეს შესაძლებლობა, დაუბრკოლებლად შევიდნენ საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში. მხარეებმა, ასევე აღნიშნეს, რომ რუსეთის ფედერაცია ვალდებულია, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“, – აღნიშნულია მაია კოჟიანჩიჩის განცხადებაში. მაია კოჟიანჩიჩის აღნიშნული განცხადება, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებების სფეროში მეთერთმეტე ყოველწლიური დიალოგის შემდეგ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა. 25 აპრილს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებების სფეროში მეთერთმეტე ყოველწლიური დიალოგი გაიმართა, სადაც საქართველოში ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს. გარდა ამისა, განიხილეს აღნიშნულ სფეროში საქართველოს სტაბილურ წინსვლაზე მიმართული ძალისხმევა და იმსჯელეს იმ ვალდებულებებსა და პოლიტიკურ ჩარჩოზე, რომლის ფარგლებშიც მოქმედებს ევროკავშირი ადამიანის უფლებების სფეროს ხელშეწყობისას
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)