|
2018-02-14 19:00:09, 1428 ნახვა
საზოგადოება
წულუკიანი ევროპის ბიზნესასოციაციას ესტუმრა და მედიაციის კანონპროექტი გააცნო
იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ევროპის ბიზნესასოციაციას (EBA) ესტუმრა და მის წარმომადგენლებს მედიაციის შესახებ კანონის პროექტი გააცნო. ღონისძიება ევროკავშირ-ნატო-ს საინფორმაციო ცენტრში „EBA“-ს ინიციატივით გაიმართა. შეხვედრას ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და „EBRD“-ის დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერა ესწრებოდნენ. ღონისძიების მიზანი დავების ალტერნატიული გადაწყვეტის მექანიზმებზე დისკუსია იყო. თეა წულუკიანი დამსწრე საზოგადოებას მედიაციის შესახებ კანონპროექტზე ესაუბრა, რომელიც კერძო დავების არაერთი კატეგორიის განხილვისათვის მხარეებს ახალ მექანიზმს − მედიაციას სთავაზობს სასამართლო პროცესის მიმდინარეობის ფარგლებში ან მის მიღმა. მედიაცია სამოქალაქო დავების გადაწყვეტის ალტერნატიული გზაა, რომელიც საშუალებას იძლევა, მოქალაქეებმა სწრაფად და მცირე ფინანსური დანახარჯით აღიდგინონ დარღვეული უფლებები. მისი დანერგვა ხელს უწყობს სასამართლოს განტვირთვას განსახილველი დავებისაგან, რაც სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების წინაპირობაა. გარდა სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულებისა, მედიაციის განვითარება მნიშვნელოვნად განტვირთავს რაიონულ (საქალაქო) თუ სააპელაციო სასამართლოებს და დაზოგავს სახელმწიფოს სახსრებს, რომლებიც საჭიროა როგორც მოსამართლეთა კორპუსის გასაზრდელად, ისე ყოველი სასამართლო პროცესის სრულად ჩასატარებლად. საქართველოში ბიზნესის დახასიათებისას მის ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორად გაჭიანურებული სასამართლო პროცესები სახელდება, რომლის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი შესაძლოა, ქვეყანაში დავის ალტერნატიული გადაწყვეტის გზების არასათანადო ფუნქციონირება იყოს. მედიაციის წახალისებისა და მისთვის პირობების შესაქმნელად კანონპროექტი განსაზღვრავს მედიაციის წარმოების ზოგად პრინციპებს; მისი დაწყების, წარმართვისა და დასრულების წესებს; მედიატორთა პროფესიული გაერთიანების ორგანიზებისა და საქმიანობის წესს; მედიატორის უფლებამოსილებებსა და მედიაციის პროცესთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. „მედიაციის შესახებ“ კანონი იუსტიციის სამინისტრომ ევროკავშირის პროექტისა (EU4Justice) და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის („USAID/PROLoG“-ისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)) ჩართულობით და ფინანსური მხარდაჭერით შეიმუშავა. საკანონმდებლო პაკეტი კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში სასამართლო ხელისუფლებას, სახელმწიფო უწყებებს, ქვეყანაში მოქმედ მედიატორთა ასოციაციებს, ამ სფეროში მომუშავე სხვა ინსტიტუტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის მიღწეული ფართო კონსენსუსის შედეგია. მისი დეტალური პრეზენტაცია ევროპის ბიზნესასოციაციასთან შეხვედრაზე იუსტიციის სამინისტროს კანონშემოქმედების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირინე წაქაძემ წარმოადგინა. პრეზენტაციის შემდეგ ამ საკითხებთან დაკავშირებით თავიანთი პოზიცია გამოხატეს დევიდ ლიმ, გიორგი ცერცვაძემ, აკაკი ჩარგეიშვილმა, ლევან ჯანაშიამ; შეხვედრის ბოლოს კი, დისკუსია გაიმართა. ნატო-ს საინფორმაციო ცენტრში შეხვედრაში მონაწილეობდნენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესის და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. (NS)
კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
ქარტია: გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ქართული ოცნებისთვისაც უპრეცედენტოა
ზატულინის აზრით, ჭიღლაძის დაუსჯელობა რუსების საქართველოში მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)