|
2017-06-06 16:20:28, 1462 ნახვა
საზოგადოება
„წერილები ჯარისკაცებს“ - მოსწავლეებმა ავღანეთიდან საპასუხო წერილები მიიღეს
„ჩვენი გამარჯვება დამოკიდებულია რწმენასა და იმედზე, რომელსაც თქვენ გვაძლევთ“, „თქვენი პატარა გულით ნათქვამი ეს სიტყვები ჩვენთვის ბევრს ნიშნავს“, „მიხარია, რომ ასეთი მაგარი ხალხი, როგორიც შენ და შენი მეგობრები ხართ, ჩვენზე ღელავენ“... ასე იწყება საპასუხო წერილები, რომლებიც ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეებმა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მყოფი ჯარისკაცებისაგან მიიღეს. ბარათები მოზარდებმა ქართველ მშვიდობისმყოფელებს, პროექტის - „წერილები ჯარისკაცებს“ ფარგლებში, რამდენიმე თვის წინ გაუგზავნეს. პატარები გზავნილებში სამშობლოსგან შორს მყოფ სამხედროებს თანადგომას უცხადებენ და მათი ცხოვრების წესით ინტერესდებიან: „თქვენ ჩემთვის საქართველოს ერთგული ადამიანები ხართ“, „მინდა ყველა ქართველმა მოგბაძოს და სამშობლოს სიყვარულში შეგეჯიბროს“, „ერთად დავიცვათ სამშობლო“, „მამაცო ჯარისკაცო, ბევრი რამ მაინტერესებს - როგორ ვარჯიშობთ, რითი გადაადგილდებით?“... წერილების ადრესატები საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედროები იყვნენ, რომლებიც ბაგრამის საავიაციო ბაზაზე არიან დისლოცირებული. დღეს, ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ავღანეთის სამშვიდობო მისიიდან დაბრუნებულ სამხედროებთან ერთად ესტუმრა. მათ სკოლის IV-V კლასების მოსწავლეებს ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ ავღანეთიდან გამოგზავნილი საპასუხო წერილები გადასცეს. სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა სამხედროების მხარდაჭერისათვის მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს მადლობა გადაუხადა. ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ პროექტში მოსწავლეების ჩართულობაში მათი მოქალაქეობრივი პოზიცია იგრძნობა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერების მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობა იგეგმება. პროექტის - „წერილები ჯარისკაცებს“ მნიშვნელოვანი შედეგების შესახებ სხვა გამომსვლელებმაც ისაუბრეს. მოგვიანებით, მოზარდებმა სტუმრებს მუსიკალური ნომრები წარუდგინეს და მათ საკუთარი ხელით შექმნილი საჩუქრებიც გადასცეს. თავდაცვის მინისტრმა სკოლას სიმბოლური საჩუქარი უსახსოვრა. ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ასევე იუსტიციის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების, დანაშაულის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ. ავღანეთის სამშვიდობო მისიის მონაწილე ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა საპასუხო წერილები ქუთაისის მე-14 და მე-17 საჯარო სკოლების მოსწავლეებსაც გამოუზავნეს. წერილები ადრესატებს III ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა მიუტანეს. პროექტში მონაწილე სხვა სკოლები ავღანეთიდან გამოგზავნილ წერილებს ეტაპობრივად მიიღებენ. „წერილი ჯარისკაცებს" საქართველოს თავდაცვის, იუსტიციის, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ერთობლივი პროექტია, რომელსაც დანაშაულის პრევენციის ცენტრი სტუდენტებთან ერთად 2012 წლიდან ახორციელებს. პროექტის მიზანი სამშობლოდან შორს მყოფი მებრძოლებისათვის თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვაა.
(NS)
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)