|
2017-05-12 11:53:51, 2058 ნახვა
სამართალი
ქართულ-გერმანულ სტრატეგიულ ფორუმზე საპოლიციო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს
თბილისში ქართულ-გერმანული სტრატეგიული ფორუმი გაიმართა, რომელიც საქართველოსა და გერმანიას შორის საპოლიციო თანამშრომლობის თემით გაიხსნა. ფორუმზე საქართველოს შსს-ს პოლიციის ატაშე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, გვანცა ჩხვიმიანი სიტყვით გამოვიდა. საქართველოს პოლიციის ატაშემ ფორუმის მონაწილეებს შსს-ს მიერ საერთაშორისო, ორმხრივი, ოპერატიული ურთიერთობების გაღრმავების კუთხით მიღწეული შედეგები გააცნო და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სამართალდამცავ სტრუქტურებთან არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა. როგორც გვანცა ჩხვიმიანმა აღნიშნა, საქართველოს შს სამინისტროს საზღვარგარეთ უკვე 13 პოლიციის ატაშე ჰყავს მივლენილი, მათ შორის რვა - ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, რაც ადგილობრივ სამართალდამცავ უწყებებთან ოპერატიულ და ეფექტურ თანამშრომლობას უზრუნველყოფს. საქართველოს პოლიციის ატაშემ განსაკუთრებული ყურადღება საქართველოსა და ევროპოლს შორის ხელმოწერილი, ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზე გაამახვილა. გვანცა ჩხვიმიანმა საქართველოსა და გერმანიას შორის საპოლიციო სფეროში არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს შს სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს გერმანიის არა მხოლოდ ფედერალურ, არამედ ცალკეული ფედერალური მიწების სამართალდამცავ სტრუქტურებთან. საქართველოს პოლიციის ატაშემ გერმანიასთან თანამშრომლობის ცალკეული მიმართულებები განიხილა, რომელიც ორგანიზებული დანაშაულის, კიბერდანაშაულის, ნარკოტიკების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვისა და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე, პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და განათლების კუთხით ხორციელდება. საქართველოსა და გერმანიის სამართალდამცავი სტრუქტურები ორმხრივ ფორმატში თანამშრომლობენ „ორგანიზებული დანაშაულის, ტერორიზმისა და სხვა მძიმე დანაშაულების შესახებ“ 2014 წლის სამთავრობო შეთანხმების, 2016 წელს ოთხ ფედერალურ მიწასთან ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის და ამავე წელს გაფორმებული, ევროკავშირსა და საქართველოს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შეთანხმების საიმპლემენტაციო ოქმის ფარგლებში. ყოველწლიური ქართულ-გერმანული სტრატეგიული ფორუმი, კონრად ადენაუერის სახელობის ფონდისა და საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ინიციატივით, თბილისში მეექვსედ გაიმართა. ფორუმში მონაწილეობდნენ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰაიკე პაიჩი, პარლამენტის წევრები, კონრად ადენაუერის ფონდის, საქართველოსა და გერმანიის სამართალდამცავი სტრუქტურებისა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები.
(NS)
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)