13:01 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-10 11:43:01, 253 ნახვა

პოლიტიკა
2014 წელთან შედარებით, 2024 წელს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის წილი 63.7%-დან 55.6%-მდე შემცირდა- სოციალური სამართლიანობის ცენტრი

„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოსახლეობის 2024 წლის საყოველთაო აღწერის შედეგები დაამუშავა და დასაქმების მიმართულებით არსებული სტატისტიკა შეისწავლა.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2014 წელთან შედარებით, 2024 წელს, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის წილი 63.7%-დან 55.6%-მდე შემცირდა.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებითვე, დასაქმებისა და უმუშევრობის მიმართულებით, ვითარება მუნიციპალიტეტებში კიდევ უფრო მძიმეა.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოსახლეობის 2024 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების დამუშავებას აგრძელებს. ამჯერად ორგანიზაციამ დასაქმების მიმართულებით არსებული სტატისტიკა შეისწავლა.

მმართველი პარტიის მხრიდან ეკონომიკის ზრდაზე მუდმივი საუბრის პარალელურად, აღმოჩნდა, რომ ეს ზრდა საქართველოს მოსახლეობის დასაქმების არც თუ პოზიტიურ სტატისტიკას ფუნდამენტურად ვერ ცვლის.

2024 წლის აღწერამ 15 წლისა და მეტი ასაკის 3 158 758 ადამიანი დააიდენტიფიცირა. მათი ნაწილი ეკონომიკურად აქტიურია (დასაქმებული და ის უმუშევარი ადამიანები, რომლებიც აქტიურად ეძებდნენ სამუშაოს გასული 4 კვირის განმავლობაში და მზად არიან, დაიწყონ მუშაობა უახლოეს 2 კვირაში), ნაწილი კი - ეკონომიკურად არააქტიური. ეს უკანასკნელი, ერთი მხრივ, მოიცავს პოტენციურ სამუშაო ძალასა (ადამიანები, რომლებიც გასული 4 კვირის განმავლობაში აქტიურად ეძებდნენ სამუშაოს, თუმცა მზად არ არიან, მუშაობის დასაწყებად უახლოეს 2 კვირაში, ან არ ეძებდნენ სამუშაოს გასული 4 კვირის განმავლობაში, თუმცა მზად არიან, დაიწყონ მუშაობა უახლოეს 2 კვირაში) და სამუშაო ძალის გარეთ მყოფ მოსახლეობას (ადამიანები, რომლებიც გასული 4 კვირის განმავლობაში არ ეძებდნენ სამუშაოს და არ იყვნენ მზად მუშაობის დასაწყებად უახლოესი 2 კვირის განმავლობაში; მაგ., პენსიონერები, მოსწავლეები, და სხვა).

როგორც მონაცემების ანალიზიდან იკვეთება, 2014 წელთან შედარებით, 2024 წელს 15 წელს ზემოთ მოსახლეობაში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის წილი 63.7%-დან 55.6%-მდე შემცირდა.

2014 წლის შემდგომ, უმუშევართა წილმა 16.1%-დან 13%-მდე დაიკლო, თუმცა, 53.4%-დან 48.3%-მდე შემცირდა დასაქმების დონეც, ანუ დასაქმებულთა წილი 15 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის წილი გაიზარდა, რაც, თავის მხრივ, უარყოფით ეკონომიკურ ან/და დემოგრაფიულ ტენდენციად შეიძლება მივიჩნიოთ.

ამასთან, სტატისტიკის მიზნებისთვის, დასაქმებულად ითვლება 15 წლისა და უფროსი ასაკის პირი, რომელიც ბოლო 1 კვირის განმავლობაში, ანაზღაურების ან მოგების მიღების მიზნით, სულ მცირე 1 საათს მაინც მუშაობდა. ამიტომ, დასაქმებული მოსახლეობის მაჩვენებელი - 48.3%, იმ ადამიანებსაც მოიცავს, რომლებმაც თუნდაც 1 ან 2 საათის განმავლობაში იმუშავეს. ეს მაჩვენებელი ავტომატურად არ აჩვენებს, თუ რა განაკვეთზეა ადამიანი დასაქმებული და რამდენად ადეკვატურია მისი დასაქმება.

ამ სფეროში თვალშისაცემია გენდერული სხვაობაც. როგორც საქართველოს მასშტაბით, ისე ყველა რეგიონში, კაცებთან (53.2%) შედარებით, ქალების (44.1%) დასაქმების დონე უფრო დაბალია. ქალთა დანარჩენი ნაწილი უმუშევართა ან ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის კატეგორიაში გვხვდება.

დასაქმებისა და უმუშევრობის მიმართულებით, არაერთ მუნიციპალიტეტში ვითარება კიდევ უფრო მძიმეა. 16 მუნიციპალიტეტში დასაქმების დონე 39-43%-ს შორის მერყეობს, ხოლო 13 მუნიციპალიტეტში უმუშევრობის დონე 17%-ზე მეტია.

საქართველოსა და ევროკავშირის მონაცემების შედარება საინტერესო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას იძლევა. მაშინ, როდესაც 20-64 წლის ასაკის მოსახლეობის დასაქმების საშუალო დონე ევროკავშირში 75.7% იყო, იგივე მაჩვენებელი საქართველოში მხოლოდ 59.6%-ს შეადგენდა. ეს იმის მიმანიშნებელია, რომ საქართველოს მოსახლეობაზე ორიენტირებული და ეფექტიანი პოლიტიკა სჭირდება, რათა ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს მიაღწიოს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაშა ფარულავა - ოცნების რეჟიმმა საქართველო რუსული და ირანული სისხლიანი ფულის კრიპტო-სამრეცხაოდ აქცია
შს სამინისტრო 2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ, ასევე გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
„პეტრიოტის“ მწარმოებლები შიშობენ, რომ უკრაინა გააუმჯობესებს და შეამცირებს რაკეტების ღირებულებას - მედია
გივი მიქანაძე – სასკოლო ფორმის ტარება ემსახურება თანასწორობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics