|
2025-01-19 17:09:42, 586 ნახვა
საზოგადოება
მეუფე შიო - შეგვაძლებინოს უფალმა, ფართოდ გავუხსნათ ჩვენი გულები ამ საღვთო სინათლეს და ძალას
ნათლისღების მადლს მოაქვს თვით ყოვლადწმინდა სამების მარადისმყოფი ნათელი და ძალა. შეგვაძლებინოს უფალმა, რომ ფართოდ გავუხსნათ ჩვენი გულები ამ საღვთო სინათლეს და ძალას, რომელიც აქაც გადაგვარჩენს და შეგვიყვანს ცათა სასუფევლის მარადიულ ნათელში, -ამის შესახებ პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა. მან მრევლს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ყოვლადსამღვდელონო მეუფენო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ნათლისღების დიდებულ დღესასწაულს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას. „განეცხადე დღეს ყოველსა სოფელსა და ნათელი შენი, უფალო, აწ მოისახა ჩვენ ზედა“, - ასეთ სიტყვებს გალობს წმინდა ეკლესია დღევანდელი დღესასწაულის კონდაკში. ამ დღეს ეწოდება ასევე ღვთის განცხადება. უფალი იესო ქრისტე მიდის მდინარე იორდანეზე იოანე ნათლისმცემელთან, რომელიც იქ მონანულ ცოდვილებს ნათლავდა წყლით. მაცხოვარს ცოდვები არ ჰქონია, მაგრამ როგორც თავად გვამცნობს, ის მიდის იოანესთან, რათა „აღასრულოს ყოველი სიმართლე“. თავდაპირველად ნათლისმცემელი თითქოს შეაჩერებს მას და ეტყვის: „მე მმართებს, ნათელი მივიღო შენგან და შენ ჩემთან მოდიხარ?“ (მათე 3, 13-15), მაგრამ შემდეგ დაუთმობს უფალს და განსაკუთრებული მნიშვნელობის სიტყვებს წარმოთქვამს: „აჰა, ტარიგი ღვთისა, რომელიც იტვირთავს ქვეყნის ცოდვებს“ (იოანე 1, 29). რას ნიშნავს იოანე ნათლისმცემლის ეს სიტყვები, რომლებითაც ის მიეგება მაცხოვარს? ეს ნიშნავს, რომ მესია, მხსნელი სოფლისა, რომლის მოლოდინზეც ამდენი იყო ნათქვამი ბიბლიაში, დღეს მოევლინა ქვეყნიერებას და განაცხადა თავისი თავი მდინარე იორდანეზე. როდესაც იოანემ მონათლა იესო, მაშინ „ცანი გაიხსნა, - როგორც მოგვითხრობს სახარება, - და ზეციდან გაისმა თვით მამა ღმერთის ხმა: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც სათნოა ჩემთვის“; და სულიწმიდა გამოჩნდა მტრედის სახით გარდამომავალი იესო ქრისტეზე (მათე 3, 16-17). აი, ასე მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, მაცხოვრის ნათლისღება მდინარე იორდანეზე და ყოვლადწმინდა სამების განცხადება. „სამებისა თაყვანისცემა გამოჩნდა“, - ნათქვამია დღევანდელი დღის ტროპარში. ამიტომაც ბრძანა უფალმა იესო ქრისტემ, რომ ყველა ადამიანი, ვინც ინათლება, ვისაც სწამს სამგვამოვანი ერთი ღმერთი, უნდა მოინათლოს სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ეს ჭეშმარიტი ნათლობა, ჭეშმარიტი ნათლისღება ყოვლადწმინდა სამების სახელით, რომელიც შემდგომ უნდა ექადაგათ მოციქულებს, - როგორც ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, - მაცხოვარმა დაადგინა სწორედ ამ დღეს, როდესაც მიიღო ნათლისღება მდინარე იორდანეზე იოანე ნათლისმცემლისგან. ამ დღეს ეწოდება ღვთის განცხადება ასევე იმიტომ, რომ უფალი იესო ქრისტე ცნობილი გახდა ხალხისთვის არა მაშინ, როდესაც იგი იშვა, არამედ როცა იგი მოინათლა მდინარე იორდანეზე; ნათლისღებამდე იგი უცნობი იყო ხალხისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, ნათლისღებას. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. ნათლისღების მადლს მოაქვს თვით ყოვლადწმინდა სამების მარადისმყოფი ნათელი და ძალა. შეგვაძლებინოს უფალმა, რომ ფართოდ გავუხსნათ ჩვენი გულები ამ საღვთო სინათლეს და ძალას, რომელიც აქაც გადაგვარჩენს და შეგვიყვანს ცათა სასუფევლის მარადიულ ნათელში. ამინ!“,-აღნიშნა მეუფე შიომ
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)