|
2024-10-26 08:19:10, 370 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - დამარცხებული არავინ იქნება იმიტომ, რომ საქართველო გაიმარჯვებს
ხმა მივეცი ახალ საქართველოს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დღეს დამარცხებული არავინ იქნება, რადგან საქართველო გაიმარჯვებს. „მთელ საქართველოს მე მინდა, მივულოცო დღევანდელი დღე, რომელიც არის დღე ბედნიერი. მე ხმა მივეცი არა ვის ამჯერად, არამედ - რას. ხმა მივეცი ახალ საქართველოს; ხმა მივეცი იმ საქართველოს, რომლის გულისთვისაც ჩამოვედი ამ ქვეყანაში 22 წლის წინ; მივეცი ხმა იმ საქართველოს, რომელზეც ლოცულობდა ყველა ჩემი წინაპარი; მივეცი ხმა იმ საქართველოს, რომელზეც დარწმუნებული ვარ, რომ ლოცულობს მთელი საქართველო. ჩვენ საღამოს ვიქნებით ყველა გამარჯვებული. დამარცხებული არავინ არ იქნება იმიტომ, რომ გაიმარჯვებს საქართველო“,- განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა. დღეს, 26 ოქტომბერს საქართველოში არჩევნები იმართება - მოქალაქეები XI მოწვევის პარლამენტს ირჩევენ. საპარლამენტო არჩევნები, პირველად, სრულად პროპორციული სისტემით ტარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოს 150-ვე მანდატი პროპორციული წესით გადანაწილდება იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის, რომლებიც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავენ. ასევე, პირველად არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება - ელექტრონული არჩევნები საქართველოში 2 263 უბანზე იმართება, დანარჩენ უბნებზე, ასევე საზღვარგარეთ, კენჭისყრა ტრადიციული წესით ტარდება. საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს, მათგან 3 113 747 ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს. წელს პირველად, 135 922 ახალგაზრდას არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევა. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი მოემსახურება. საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი, მათ შორის 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, საიდანაც 12 პენიტენციურ დაწესებულებებში, 1 კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია გახსნილი. რაც შეეხება საზღვარგარეთ შექმნილ უბნებს - 42 ქვეყნის 53 ქალაქში შექმნილია 67 საარჩევნო უბანი. გადასატანი ყუთის სიაში 64 238 ამომრჩეველია. სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა 95 910-ია. საქართველოს პარლამენტის გარდა, სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოების შუალედური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც იმართება. სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოების არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 3 საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი 5 კანდიდატი, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის უსკოს მიერ რეგისტრირებულია 11 საარჩევნო სუბიექტი. საარჩევნო პროცესს 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1 700-ზე მეტი დამკვირვებელი, 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი აკვირდება, ასევე პროცესს 199 მედიაორგანიზაციის 2 800-ზე მეტი წარმომადგენელი აშუქებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)