|
2023-01-08 11:40:43, 1203 ნახვა
მსოფლიო
ბორელი - ევროკავშირი მოუწოდებს ირანს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მომიტინგეების სიკვდილით დასჯა
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი მოუწოდებს ირანის ხელისუფლებას, მომიტინგეების სიკვდილით დასჯა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს. ბორელის თქმით, აქციის მონაწილეების სიკვდილით დასჯა ირანის ხელისუფლების მიერ მოქალაქეების პროტესტის სასტიკად ჩახშობის კიდევ ერთი ნიშანია. "ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ირანის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მომიტინგეების სიკვდილით დასჯის პრაქტიკა, რაც მკაცრად დაგმობილია. სიკვდილით დასჯა არის სასტიკი და არაადამიანური სასჯელი, რომელიც არ მოქმედებს, როგორც დანაშაულის შემაკავებელი ფაქტორი. გარდა ამისა, ეს არის საბოლოო სასჯელი, რომელიც შეუქცევადს ხდის მართლმსაჯულების შესაძლო ხარვეზებს", - აცხადებს ბორელი. ცნობისთვის, 7 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ირანის ხელისუფლებამ ორი მამაკაცი - 22 წლის მოჰამად მეჰდი კარამი და 39 წლის მოჰამად ჰოსეინი, ანტისამთავრობო აქციების დროს, უსაფრთხოების ძალების წევრის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და ჩამოახრჩო. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ირანის ხელისუფლება აქციის მონაწილეებს სიკვდილით სჯის. Amnesty International-ი ირწმუნება, რომ სულ მცირე 26 ირანელს ასევე სიკვდილით დასჯა ემუქრება. ირანი საპროტესტო აქციებმა მოიცვა მას შემდეგ, რაც ე.წ. მორალის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინი გარდაიცვალა. ამინი 13 სექტემბერს, ოჯახთან ერთად გადაადგილებისას, ჰიჯაბის ტარების კანონის დარღვევისთვის დააპატიმრეს, რასაც მისი კომაში ჩავარდნა და 16 სექტემბერს გარდაცვალება მოჰყვა. გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის, ნადა ალ-ნაშიფის ცნობით, პოლიციელებმა იზოლატორში ამინი ხელკეტებით სცემეს და თავი მანქანაზე არტყმევინეს. პოლიციამ ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ 22 წლის ქალს "მოულოდნელი გულის შეტევა დაემართა". მაჰსა ამინის სიკვდილს დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის ბევრ სხვა რაიონში ხალხმრავალი დემონსტრაციები მოჰყვა. თავდაპირველად, პროტესტი ჰიჯაბის ტარებასთან დაკავშირებულ კანონებს ეხებოდა, შემდეგ კი, აქტივისტები ირანის ხელისუფლების გადადგომას მოითხოვდნენ. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, თეირანმა ათასობით აქტივისტი დააკავა, ასობით ადამიანი კი, პოლიციის მიერ ძალადობას ემსხვერპლა. აღსანიშნავია, რომ კანონი, რომლის დარღვევაშიც ე.წ. მორალის პოლიციამ 22 წლის მაჰსა ამინი დაადანაშაულა, ირანში 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ მიიღეს.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)