03:53 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-11 13:55:45, 371 ნახვა

სამართალი
უკრაინის 19 მოქალაქე შველას ითხოვს, ისინი დარიალის გამშვებ პუნქტში გაუსაძლის მდგომარეობაში არიან

უკრაინის 19 მოქალაქე შველას ითხოვს - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ადვოკატი დარია სამოდუროვა წერს, რომელიც ამბობს, რომ მას თავად დაუკავშირდნენ ეს ადამიანები და უამბეს, რა პირობებში უწევთ ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის სარდაფში ყოფნა, უკვე 1 წელზე მეტი.

„მე დამიკავშირდნენ უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც უკანონოდ ჰყავთ გამოკეტილი დარიალის საბაჟო გამშვები პუნქტის სარდაფში. აქ საუბარი არ გვაქვს ერთ - ორ დღეზე. აქ საუბარია 1 წელიწადზე. ამჟამად სარდაფში იმყოფება 19 ადამიანი.
შემაშფოთებელია ის პირობები რა პირობებში იმყოფებიან ეს პირები. ნესტიანი სარდაფი, რომელსაც არ აქვს ფანჯარა და სავენტილაციო სისტემა, არ აქვს სველი წერტილი და საკუჭნაო. შსს საკვებით და მედიკამენტებით არ უზრუნველყოფს იქ მყოფ პირებს, არ მიწოდებათ სამედიცინო დახმარება. არ აწვდიან ჰიგიენის და პირადი ჰიგიენის ნივთებს. სარდაფში მძვინვარებს ანტისანიტარია.

როგორ აღმოჩნდნენ უკრაინის მოქალაქეები დარიალის ნესტიან სარდაფში? ძირითადად ეს არიან პირები ვინც იძულებით, რუსულმა სამხედროებმა გაიტაცეს ჯერ უკრაინის ტერიტორიიდან, ხოლო შემდეგ იძულებით გააძევეს რუსეთიდან, საქართველოში. საქართველოს საზღვრზე, პასპორტ კონტროლის გავლისას ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა მოახდინეს ამ პირების სარდაფში მოთავსება.

არის თუ არა ეს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა? არის. ამ პირებს შეზღუდული აქვთ თავისუფლად გადაადგილების უფლება. არ არსებობს გადაწყვეტილება საქართველოში შემოშვებაზე უარის თქმის შესახებ, არ არსებობს სასამართლოს განჩინება/ბრძანება სარდაფში ადამიანების განთავსების შესახებ, არ არსებობს კანონით გათვალიწინებული საფუძველი, რომელიც ახსნიდა ამ პირების არაადამიანურ პირობებში მოთავსებას. არ არსებობს კონკრეტული თარიღი, ამ პირებმა არ იციან როდის დასრულდება მათი ჯოჯოხეთში ყოფნა.

ყველაზე ტრაგიკული ის არის რომ რუსეთიდან გაძევებული უკრაინის მოქალაქეების ნესტიან სარდაფში მოთავსების პრაქტიკა 3 წლის წინ დაინერგა. შსს-ს მიერ არაადამიანურ პირობებში ადამიანების უკანონოდ მოთავსების თაობაზე ინფორმირებულია ყველა უწყება, მათ შორის სახალხო დამცველის აპარატიც. როგორც ჩანს, ეს მძიმე დანაშაული ნორმად არის ქცეული. აქ საუბარია ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ხელყოფაზე“- წერს ადვოკატი დარია სამოდუროვა.

რუსეთ-საქართველოს საზღვართან, დარიალის ხეობაში მდებარე საემიგრაციო ცენტრში მოთავსებული უკრაინის მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, ცენტრში ამჟამად დაახლოებით 20 ადამიანია, რომლებიც გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან.

უკრაინელების ინფორმაციით, ისინი თითქმის ერთი წელია ოროთახიან საკანში არიან გამოკეტილები. მათივე განცხადებით, ადგილზე მძიმე სანიტარული მდგომარეობაა, არ არის საკმარისი საკვები და შეზღუდულია წვდომა აუცილებელ მედიკამენტებზე.

 „პირველებთან“ საუბრისას უკრაინის მოქალაქე ყვება, რომ მათთან ერთად მყოფმა ერთმა პირმა  ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და სათანადო სამედიცინო დახმარების არქონის გამო მხედველობა დაკარგა და თვალი დაუზიანდა.

მე ვარ უკრაინის მოქალაქე და ჩემთან ერთად კიდევ 17 მოქალაქე იმყოფება. ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ჩვენ შორის არიან ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფები, მათ შორის აივ ინფიცირებულები, ვისაც სჭირდება ყოველდღიური მედიკამენტოზური მკურნალობა, ასეთი წამლები აქ არ არის. საჭმელი ბოლოს ორი კვირის წინ მოგვიტანეს, რომელიღაც ორგანიზაციამ საელჩოსთან ერთად, ეს იყო საელჩოსგან გამგზავნილი საკვები. ჩვენ ვიზოგავთ ამ საჭმელს, იმიტომ, რომ 18 ადამიანი ვიმყოფებით აქ და ვჭამთ დღეში ერთხელ. ახლა ძალიან ცოტა საკვები გვაქვს დარჩენილი, ვერ ვიტყვით, რომ სრულიად გამოცარიელებულები ვართ. ერთ-ერთ მოქალაქეს აქვს თვალის მწვავე ანთება, მას ინფექცია შეხვდა, თვალმა დაუწყო ლპობა, აღარ ვიცოდით რა უნდა გაგვეკეთებინა, თვალს მხოლოდ იბანდა, სასწრაფო გამოვიძახეთ, მხოლოდ თვალის წვეთები მისცეს და გვითხრეს, რომ სხვა არაფერი შეეძლოთ, მაგრამ ამან მდგომარეობა ვერ შეამსუბუქა, ამის შემდეგ 2 კვირაში სდიოდა ჩირქი - მას შემდეგ, რაც მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, ამ ადამიანმა მხედველობა დაკარგა და ამის შემდეგ სასწრაფო მოვიდა, გადაიყვანეს სადღაც, მაგრამ ისევ უკან დააბრუნეს, - ამბობს უკრაინის მოქალაქე. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სენაკში შვილმა მამა დაჭრა
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ტრამპი: გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები
გიორგი ტაბატაძე: გვქონდა შეხვედრა EU-ში, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics