16:37 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-11 14:14:14, 362 ნახვა

საზოგადოება
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს

მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს, დაიცვას სამწყსო და მომავალი, ამაზე პასუხები ილია მეორის მიერ ბრძნულად გადადგმულ ნაბიჯებსა და გაკვალულ გზაშია, – ამის შესახებ გაფართოებული საეკლესიო კრების გახსნისას კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, პატრიარქობის კანდიდატმა, მეუფე შიომ განაცხადა.

„1 700 წლის წინ ჩვენმა ერმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა და ამ დღიდან მოყოლებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ეროვნულ-სარწმუნოებრივი ერთობის, თვითმყოფადობის, კულტურის, სახელმწიფოებრივი ცნობიერების და აზროვნების მთავარ საყრდენად იქცა. ამიტომაც არის ერთმანეთთან ასე ძალუმად გადაჯაჭვული ჩვენი ეკლესიის და ერის ისტორია. ამიტომ იყვნენ ჩვენი გმირი წინაპრები და წმინდა მეფე-დედოფლები ქრისტეს ერთგულნი მსახურნი, მაგალითი ჭეშმარიტი სარწმუნოების. ჩვენი ეკლესიის მნათობთა შორის განსაკუთრებით ბრწყინავს იმ სასულიერო პირების ღვაწლი, რომელთა მსახურებაც, ქრისტეს რწმენის ერთგულებასთან ერთად, ქვეყნის ერთგულებას, სახელმწიფოებრიობის სიმტკიცეს და შენარჩუნებას ემსახურებოდა.

დღეს აქ შეკრებილნი მადლიერებით და სიყვარულით ვიხსენებთ საქართველოს ეკლესიის მამამთავრებს. მათ შორის წმინდა მღვდელმოწამე კირიონს, წმინდა ამბროსი აღმსარებელს, წმინდა კათოლიკოს-პატრიარქს კალისტრატეს, მე-20 საუკუნეში მოღვაწე სხვა ღირსეულ კათოლიკოს-პატრიარქებს – ლეონიდეს, ქრისტეფორეს, მელქისედეკ მესამეს, ეფრემ მეორეს, დავით მეხუთეს და, რა თქმა უნდა, ჩვენს ძვირფას სულიერ მამას, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს.

40 დღეზე მეტმა განვლო ილია მეორის გარდაცვალებიდან. ამ დღეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა მისი უწმინდესობის სულიერი სიდიადე და ნამდვილი სახე მოძღვრისა, მწყემსმთავრისა, რომელიც მთელი თავისი ღვაწლით, დიდი სიყვარულით და რწმენით ერს აერთიანებდა და უფლისკენ მიუძღოდა. მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ უნდა გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს, როგორ დაიცვას თავისი სამწყსო და მისი მომავალი. ამ კითხვებზე პასუხები კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მიერ ბრძნულად გადადგმულ ნაბიჯებსა და გაკვალულ გზაშია. ძნელია, მოიძებნოს საეკლესიო ცხოვრების სფერო, რომელზეც მის უწმინდესობას და უნეტარესობას არ უზრუნია. მათ შორისაა ხალხთან ღვთის სიტყვის მიტანა და მისიონერობა. საეკლესიო და სამონაზნო ცხოვრების, ღვთისმსახურების და ეკლესიის იურისდიქციასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება, საეკლესიო ადმინისტრაციული მოწყობის სრულყოფა, ეპარქიებს შორის ურთიერთობის გაღრმავება, ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის განმტკიცება, ეკლესიის საგარეო ურთიერთობების განვითარება, საზღვარგარეთ არსებულ ქართულ დიასპორებსა და ეპარქიებზე ზრუნვა, განათლებისა და მეცნიერების მხარდაჭერა, ახალგაზრდების აღზრდაზე ზრუნვა, ტაძრებთან სამრევლო სკოლების გახსნა, ქართული ტრადიციული გალობის და სხვა სახელოვნებო დარგების აღდგენა, ოჯახური ღირებულებების დაცვა, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებისთვის განსაკუთრებული ლოცვა, ფიქრი და სხვა.

სწორედ ამგვარად აღიბეჭდა მისი ცხოვრება და ნახევარსაუკუნოვანი დაუღალავი საპატრიარქო მსახურება ჩვენს მეხსიერებაში. მისი მემკვიდრეობისადმი პატივისცემა და ეკლესიის მომავალზე ფიქრი გვავალდებულებს, განვაგრძოთ ეს გზა ეკლესიის ერთგული მსახურებით, სიყვარულით, ურთიერთპატივისცემით და ერთობით, რაც ყოველთვის იყო მისი უწმინდესობის უმთავრესი საზრუნავი“, – განაცხადა მეუფე შიომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics