21:14 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-11 16:28:40, 288 ნახვა

პოლიტიკა
ელჩი: ირანის დიპლომატიამ დაამტკიცა, რომ შეუძლია პირდაპირი დიალოგი იქონიოს საზოგადოებასთან

ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, სეიედ ალი მოჯანიმ პრესკონფერენცია გამართა და მედიის წარმომადგენლებს მისი "6-თვიანი მუშაობის შესახებ ანგარიში" წარუდგინა. მისის თქმით, მედიას გაუზიარა მისი გამოცდილება და ირანის "მდგომარეობასთან დაკავშირებული შეხედულებები".

მოჯანი წერს, რომ "ქართული საზოგადოებრივი აზრი, როგორც პოლიტიკური ხელისუფლების, ისე საზოგადოების დონეზე, ღიად გამოხატავდა აღშფოთებას ირანის მიმართ ჩადენილი უსამართლობის გამო".

მისივე განცხადებით, "დიპლომატიური არხების მეშვეობით მეზობელი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, და მრავალი სხვა სახელმწიფოს პასუხისმგებელ პირებს გადაეცათ დეტალური ინფორმაცია ირანის მოწინააღმდეგე ძალების, კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის სამხედრო მოქმედებების შესახებ". 

მისივე თქმით, ირანის დიპლომატიამ საქართველოში დაამტკიცა, რომ შესწევს უნარი "გასცდეს საელჩოს კედლებს და პირდაპირი კონტაქტი და დიალოგი იქონიოს საზოგადოებასთან".

მოჯანი ამბობს, რომ ისტორიის განმავლობაში ირანს "არასოდეს განუხორციელებია აგრესია მეზობელი ქვეყნების ტერიტორიის წინააღმდეგ". მოჯანის თქმით, ქართულ-ირანული ურთიერთობების მაგალითია, რომ "სამხრეთ კავკასიის ხალხებს შორის დღესაც ყველაზე მეტი სპარსული სიტყვა ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოიყენება".

ალი მოჯანის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველო ირანისთვის მხოლოდ გეოგრაფიული არეალი არ არის სამხრეთ კავკასიის რუკაზე; საქართველო ირანისთვის ისტორიული, ცივილიზაციის მაფორმირებელი იდენტობა და ირანის ზეგანის მეზობლად მდებარე უძველესი ქვეყანაა. ეს არის ქვეყანა, რომლის არქეოლოგიური და ისტორიული მემკვიდრეობა მთელი სამი ათასი წლის განმავლობაში დოკუმენტურად და თვალსაჩინოდ უკავშირდებოდა ირანს. ამ ხნის განმავლობაში, ყველა აღმავლობისა თუ დაღმასვლის, სიმწარისა თუ სიხარულის მიუხედავად, ორ ერს შორის ურთიერთობები მუდმივად გრძელდებოდა.

ამ კავშირის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ის, რომ სამხრეთ კავკასიის ხალხებს შორის დღესაც ყველაზე მეტი სპარსული სიტყვა ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოიყენება.

ანალოგიურად, სიტყვა გორჯი -„ქართველი“ ირანში მხოლოდ საქართველოს აღმნიშვნელად არ აღიქმება; ის ერთგვარი ბრენდია, რომელიც ადამიანების სახელებში, ტოპონიმებსა თუ ზოგიერთ პროდუქტის აღსანიშნავად გვხვდება და სრულიად ნაცნობ მნიშვნელობას ატარებს. ჩვენი ბავშვები ჯერ კიდევ დაწყებით სკოლაში ეცნობიან იმას, რასაც დღეს ირანში „ქართული ბისკვიტი“ ეწოდება.

ირანის მრავალ ქალაქში შეხვდებით სახელწოდებებს, როგორიცაა „გორჯი ბაზარი“ — მაგალითად, თავრიზის ბაზრის ერთ-ერთი ნაწილი — ან „გორჯი მაჰალე“ (ქართული უბანი). ეს ის ადგილებია, სადაც ქართველები სახლდებოდნენ და ხელს უწყობდნენ სავაჭრო, ეკონომიკურ და სასოფლო-სამეურნეო ურთიერთობების განვითარებას.

დღეს ირანის ისლამური რესპუბლიკის მეჯლისში (პარლამენტში) წარმოშობით ქართველ ირანელებს საკუთარი წარმომადგენელი ჰყავთ და ისინი ოფიციალურად მონაწილეობენ ირანის საკანონმდებლო სისტემის ჩამოყალიბებაში.

სამშობლოს დაცვისას და ამერიკის შეერთებული შტატების თავდასხმების პერიოდში, წარმოშობით ქართველ ირანელთა საზოგადოებიდან არაერთი დაიღუპა მოწამეობრივად. მათი უკვდავი სახელები სამუდამოდ ჩაიწერა ჩვენი ქვეყნის გმირების ბრწყინვალე სიაში. ისინი, ისევე როგორც მათი წინაპრები, თავგანწირვით იცავდნენ ირანს — მაგალითად, იმამყული-ხან უნდილაძე ჰორმუზის სრუტის დაცვისას და ალექსანდრე ბატონიშვილი ირან-რუსეთის ომების დროს. ასევე, ისეთი პიროვნებები, როგორებიც იყვნენ ალაჰვერდი-ხანი არქიტექტურაში, შაიეგანი ფილოსოფიასა და აზროვნებაში, და ნასრი ხელოვნებასა და კულტურაში, ჩვენს თანამედროვე ისტორიაში წარმოშობით ქართველ ირანელთა საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან.

ირანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ამ 180 დღეშიც შეუფერხებლად გრძელდებოდა, განსაკუთრებით ირანის მოქალაქეებისთვის საკონსულო მომსახურების გაწევის მიმართულებით — როგორც საქართველოში მცხოვრები მცირერიცხოვანი თანამემამულეებისთვის, ასევე მრავალრიცხოვანი ტურისტებისთვის.

ამ 180 პერიოდის განმავლობაში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო კონსტრუქციულ კონტაქტსა და თანამშრომლობაში იყო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მათ ირანის მდგომარეობისა და პოლიტიკის დეტალებს აცნობდა. საქართველო განიხილებოდა არა როგორც შორეული, არამედ როგორც საერთო გეოგრაფიული, ცივილიზაციური და კულტურული სივრცე, რომელიც მუდმივად იყო ყურადღებისა და განსაკუთრებული ინტერესის საგანი.

ამ ყურადღებისა და ინტერესის ფარგლებში, საქართველოში — ისევე როგორც ირანის სხვა მეზობელ ქვეყნებში — განხილვისა და კონსულტაციების საგანი გახდა მოვლენების სრული სურათი, გადადგმული ნაბიჯები, პოლიტიკა, საომარი ვითარება და სამშობლოს დაცვის საკითხები.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს მიეწოდათ ზუსტი ინფორმაცია ჰორმუზის სრუტეზე ირანის სუვერენიტეტის განხორციელების მექანიზმების შესახებ. ასევე, დიპლომატიური არხების მეშვეობით მეზობელი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, და მრავალი სხვა სახელმწიფოს პასუხისმგებელ პირებს გადაეცათ დეტალური ინფორმაცია ირანის მოწინააღმდეგე ძალების, კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის სამხედრო მოქმედებების შესახებ, რომლებიც ირანის წინააღმდეგ თავდასხმების განსახორციელებლად ზოგიერთი მეზობელი ქვეყნის ტერიტორიასაც იყენებდნენ.

ნება მომეცით აღვნიშნო: ირანმა საკუთარი ეროვნული ძალების იმედად, დამოუკიდებლად დაიცვა თავისი ტერიტორია ისეთ პირობებში, როდესაც ქართული საზოგადოებრივი აზრი — როგორც პოლიტიკური ხელისუფლების, ისე საზოგადოების დონეზე — ღიად გამოხატავდა აღშფოთებას ირანის მიმართ ჩადენილი უსამართლობის გამო.

ამ პერიოდში მრავალი ჟურნალისტი ცდილობდა საკუთარი მედიისა და სოციალური ქსელების მეშვეობით დაეგმო აგრესორების ქმედებები, რითაც აჩვენებდა ერთგულებას სამართლიანობისა და ეთიკურობის პრინციპების მიმართ.

ამ პროცესში ქართულმა მედიამ და მისმა საინფორმაციო საქმიანობამ მნიშვნელოვანი და კონსტრუქციული როლი შეასრულა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაში. ამისათვის, როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი, გულწრფელ მადლობას ვუხდი იმ გამოცემებსა და მედიასაშუალებებს, რომლებმაც სამართლიანად და პროფესიული ეთიკის დაცვით იმუშავეს საკუთარი ხალხისა და პასუხისმგებელი პირების ინფორმირების მიზნით.

ამ პასუხისმგებლიანი და დამოუკიდებელი მედიაგარემოს პარალელურად, სამწუხაროდ, არსებობდნენ და დღესაც არსებობენ ისეთი მედიასაშუალებები, რომლებმაც რეალობის უგულებელყოფით არარეალური ნარატივების შექმნა არჩიეს. მაგალითად, მაშინ როდესაც თავად ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა აღიარეს სკოლაზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა და აშშ-ის სენატსა და კონგრესში სამხედრო მეთაურები და თავდაცვის მინისტრი ამ აშკარა დანაშაულის გამო, დაკითხვისა და კრიტიკის ობიექტები გახდნენ, რამდენიმე მედიასაშუალებამ ეს აშკარა და დადასტურებული ფაქტი საკუთარი მაყურებლების წინაშე უარყო.

მათ მოგვმართეს იმ დღეს, როდესაც თავდასხმების მსხვერპლთა — საცხოვრებელ რაიონებზე თავდასხმის შედეგად დაღუპული წარმოშობით ქართველი მოწამეების — სამძიმრის წიგნი გაიხსნა, თუმცა საკუთარი დიასპორის სამძიმრის წიგნში ჩანაწერი არც დაუტოვებიათ და გულგრილად მოეკიდნენ წარმოშობით ქართველ ირანელთა ადამიანურ ტკივილს, დაუსაბუთებელი კითხვებითა და არადოკუმენტირებული ნარატივების შექმნით წარმოაჩინეს საკუთარი არაპროფესიონალიზმი და არაეთიკურობა.

მიუხედავად ამისა, დღეს კმაყოფილებით ვაცხადებთ, რომ დიალოგის კარი საქართველოს მედიის ამ ნაწილისთვისაც არ დაგვიხურავს.

გასული 180 დღის განმავლობაში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო გულწრფელად ცდილობდა, თანამედროვე ირანის პოლიტიკა და მიდგომები პასუხისმგებლობითა და ყოველგვარი მცდარი პროპაგანდის გარეშე გაეზიარებინა საქართველოს მოსახლეობისთვის, პირდაპირი კომუნიკაციის გზით.

საელჩოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ როგორც სოფლებში, ისე ქალაქებში; როგორც ოფიციალურ გარემოში, ისე ყოველდღიურ საზოგადოებრივ სივრცეებში, და მუდმივ კონტაქტსა და დიალოგში იყვნენ საქართველოს მოქალაქეებთან.

ამ ნახევარწლიანი ურთიერთობების მთავარი მიზანი ქართველი ხალხის უკეთ გაცნობა და მათთვის ინფორმაციის მიწოდება იყო.

ამ ექვსი თვის განმავლობაში ჩვენ მივიღეთ მრავალი სიკეთე, მხარდაჭერა და ფასდაუდებელი თანაგრძნობა. გარკვეული სირთულეებისა და არასასიამოვნო მოვლენების წინაშე კი მოთმინებისა და შემწყნარებლობის პოლიტიკა ავირჩიეთ.

დღეს გვახარებს, რომ ირანის დიპლომატიამ საქართველოში დაამტკიცა: რომ მას შესწევს უნარი გასცდეს საელჩოს კედლებს და პირდაპირი კონტაქტი და დიალოგი იქონიოს საზოგადოებასთან. გვახარებს, რომ ქართველმა ხალხმა ირანთან ურთიერთობაში, კონსტრუქციული მოსაზრებების გამოხატვითა და ღრმა ეთიკური და სოციალური გაგების გამოვლენით, თანაგრძნობა და მხარდაჭერა გამოხატა.

ეს არის უდიდესი კაპიტალი ორი ერისთვის, რომლებიც ათასობით წლის განმავლობაში ერთმანეთთან თანაცხოვრობდნენ და საკუთარ გამოცდილებას ერთმანეთს უზიარებდნენ. ისინი ერთმანეთის გვერდით იდგნენ როგორც სიხარულში, ისე მწუხარებაში, გმობდნენ ისტორიის ტირანებისა და მჩაგვრელების ქმედებებს და მომავლისკენ იმედით იყურებიან.

ძვირფასო ქართველო ხალხო,

როდესაც ექვსი თვის წინ ჩემი მისია საქართველოში დაიწყო, ირანი იყო ქვეყანა, რომელმაც ისლამური რევოლუციის პირობებში, ორათას ხუთასწლოვანი სამეფო მმართველობის ღირებულებებისა და მმართველობის მოდელის გვერდზე გადადებით, ჩამოაყალიბა რესპუბლიკა, რომელიც ეფუძნება ხალხის მონაწილეობასა და მათი თავისუფალი, პირდაპირი არჩევანის უფლებას.

ირანის ისლამური რესპუბლიკის 47-წლიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც ირანელი ხალხის არჩევანის შედეგად ჩამოყალიბდა და რომელმაც უარი თქვა მონარქიული სისტემების ქედმაღლურ და დესპოტურ ქცევაზე, აშენდა ქვეყანა, რომელმაც გაუძლო პირდაპირ საგარეო აგრესიას, მრავალშრიან სანქციებს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყოველდღიურ მუქარებს, და ამ ყველაფრის მიუხედავად, ღირსება შეინარჩუნა.

ამ ორმოცდაშვიდი წლის განმავლობაში ირანმა, საკუთარი შიდა შესაძლებლობების, რესურსებისა და ეროვნული პოტენციალის გამოყენებით (რომელსაც დღეს თავად ხედავთ), შეიძინა უნარი, რომელიც საშუალებას აძლევს დამოუკიდებლად დაიცვას საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა მსოფლიოს უდიდესი არმიისგანაც კი (რომელსაც ბირთვული იარაღი გააჩნია), ასევე ისეთი რეჟიმისგან, რომელიც არ ემორჩილება არც მორალურ პრინციპებს და არც ჰუმანურ ღირებულებებს.

ისეთი რეჟიმი, როგორიც ისრაელია, რომელმაც ღაზაზე თავდასხმითა და თითქმის სამოცდაათი ათასი უდანაშაულო ადამიანის მასობრივი მკვლელობით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მედიის ფხიზელი თვალებისა და მდუმარე ენების წინაშე, აგრეთვე მუსლიმთა და ქრისტიანთა წმინდა ადგილებზე თავდასხმებითა და მისი ჯარისკაცების მიერ ქრისტეს ქანდაკებების შეურაცხყოფითა და ეკლესიებში ცეკვითა და ზეიმით, აჩვენა, რომ თვით თორას ღირებულებებსაც უგულებელყოფს.

ირანი არის ქვეყანა, რომლის სიძლიერე და ღირსება არ გამომდინარეობს რომელიმე მსოფლიო ძალის მხარდაჭერიდან ან მისი ორბიტის ნაწილად ყოფნიდან; ეს სიძლიერე მომდინარეობს საზოგადოებრივი საფუძვლიდან. იმ ხალხისგან, რომელიც ას დღეზე მეტი ხნის განმავლობაში იდგა ქუჩებსა და მოედნებზე ისრაელისა და აშშ-ის სასტიკი თავდასხმების პირობებში (რომლებიც თავიანთი სამხედრო ოპერაციებისთვის მეზობელი ქვეყნების საჰაერო სივრცეს იყენებდნენ). იმ ხალხისგან, რომელიც ეროვნული დროშის ფრიალით ერთდროულად უჭერდა მხარს როგორც დიპლომატიას, ისე ბრძოლის ველს.

თუ აშშ, ქვეყანა, რომელიც დაუსრულებელ ომებშია ჩართული, ფიქრობს, რომ სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა განსაზღვრავს შედეგს, ირანი დაანახებს, რომ მშვიდობის გეოგრაფიას რაკეტები მოხაზავენ.

ამ პირობებში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს 180 დღის საქმიანობის მიზანი იყო განეხორციელებინა განმარტებითი და განმსაზღვრელი პოლიტიკა საკუთარი პოზიციებისა და პრინციპების შესახებ. პოლიტიკა, რომელიც აჩვენებდა, თუ რა მიღწევები მოიტანა ირანის შესაძლებლობებმა ამ წლების განმავლობაში ტექნოლოგიის, მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების, ეკონომიკისა და სოციალური განვითარების, კულტურისა და სპორტის, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია — პოლიტიკისა და თავდაცვის სფეროებში.

შემთხვევითი არ არის, რომ მთელი ომის განმავლობაში არც ბენზინის ფასი გაზრდილა ოთხმოცდათხუთმეტი მილიონი ირანის მოქალაქისთვის და არც ერთი საცხობი არ დახურულა. უფრო მეტიც, არც ერთი გზა, რომელიც აგრესორი ძალების უსირცხვილო თავდასხმების შედეგად დაზიანებული სატრანზიტო ან ურბანული ინფრასტრუქტურის ნაწილს უკავშირდებოდა, არ დარჩენილა ჩაკეტილი.

ამ ას ოთხმოცი დღის განმავლობაში ირანმა აჩვენა, რომ დაამტკიცა საკუთარი თავდაცვითი ძალა და აღარ წარმოადგენს მხოლოდ „წერტილს გეოგრაფიულ რუკაზე“, რომლის განადგურება ან იგნორირება შესაძლებელია. ირანმა აჩვენა, რომ არის ქვეყანა-ცივილიზაცია, რომელიც წარმოადგენს მეოთხე საყრდენს ეთიკურ ღირებულებებზე დაფუძნებული, პასუხისმგებლიანი, მამაცი და საკუთარ ძალებზე დაყრდნობილი ძალის წარმოსაჩენად.

ირანმა ამ ომში ნათლად აჩვენა, რომ მიუხედავად ორმოცდაშვიდწლიანი ძალისხმევისა კეთილმეზობლური ურთიერთობების შესანარჩუნებლად, თავშეკავებას ინარჩუნებდა იმ პირობებშიც კი, როდესაც სადამ ჰუსეინის მიერ ირანის წინააღმდეგ წარმოებული რვაწლიანი ომის დროს ზოგიერთი მეზობელი ქვეყანა ღიად უჭერდა მხარს ისეთ აგრესორს, როგორიც სადამ ჰუსეინი იყო. ამავე მეზობლებმა 1990-იან წლებში, როდესაც სადამმა მათ ტერიტორიებზეც განახორციელა თავდასხმა, საკუთარი მცდარი გათვლების შედეგი საკუთარ თავზე იწვნიეს.

სამწუხაროდ, ბოლო ორი ომის განმავლობაში მათი საჰაერო სივრცე და ხმელეთი აგრესორის სამხედრო ძალების, სადაზვერვო სტრუქტურებისა და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის თავმოყრის ადგილად იქცა.

ამ ვითარებაში ირანს აღარ სურს, შემწყნარებლობისა და თავშეკავების პოლიტიკის ფარგლებში დაუშვას, რომ მისი სამეზობლო გარემო გადაიქცეს პლაცდარმად, საიდანაც დარტყმები განხორციელდება ირანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ, დიპლომატიური გზავნილების მეშვეობით მსოფლიოს მრავალ ქვეყანას, მათ შორის მეზობელი რეგიონის ფარგლებს გარეთ მდებარე სახელმწიფოებსაც, მკაფიოდ განუცხადა: „ირანის მტრების მხარდაჭერა და მათთვის მოქმედების შესაძლებლობების შექმნა უპასუხოდ არ დარჩება.“

შემთხვევითი არ ყოფილა, რომ ამ გზავნილის მიღების შემდეგ ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ საკუთარი საჰაერო სივრცე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის დახურა და მკაფიოდ და კატეგორიულად განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობას არ მიიღებდა.

ქვეყნებმა, რომლებსაც ძლიერი ეროვნული არმიები ჰყავთ, ასევე უარი განაცხადეს საკუთარი აკვატორიის, ტერიტორიისა და საჰაერო სივრცის გამოყენების შესაძლებლობის მიცემაზე აგრესორი სახელმწიფოებისთვის.

გვინდა ამ მეზობელ სახელმწიფოებს პირდაპირ შევახსენოთ: აგრესორების ის ბაზები, რომლებიც მათ ტერიტორიაზე მდებარეობს და საფრთხეს უქმნის ჩვენს უსაფრთხოებას, ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ ლეგიტიმური თავდაცვის უფლების ფარგლებში სამიზნე გახდება.

დღევანდელი ირანი საკუთარ ეროვნულ ძალას ეყრდნობა. თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ირანს არასოდეს განუხორციელებია აგრესია მეზობელი ქვეყნების ტერიტორიის წინააღმდეგ. ირანის ისლამურ რესპუბლიკას არც ჰქონია და არც აქვს იმპერიად ქცევის სურვილი.

დღეს ჩემი ქვეყანა წარმოადგენს რესპუბლიკას, რომელიც ეფუძნება ხალხის პირდაპირ ნებას, და რომელიც საარჩევნო პროცესებისა და კონსტიტუციური ჩარჩოს ფარგლებში გააგრძელებს საკუთარ გზას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics