21:06 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-13 13:08:19, 336 ნახვა

პოლიტიკა
გასაჯაროებულ უმძიმეს კადრებთან დაკავშირებით, შსს-ს განცხადება დამატებით კითხვებს აჩენს - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ შეფასებით, „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება დამატებით კითხვებს აჩენს.

ორგანიზაციის განცხადებით, „ქვეყანაში ბოლო პერიოდში, ადამიანის უფლებათა დარღვევის ამსახველი უმწვავესი მოვლენები საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ მსგავსი სასტიკი და უკანონო მეთოდების გამოყენება სისტემის მხრიდან ჩვეულ პრაქტიკადაა ქცეული“.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ეხმიანება გუშინ, 12 ივნისს, ტელეკომპანია პირველის ეთერში ნოდარ მელაძის მიერ გასაჯაროებულ კადრებს, სადაც პოლიციელების მხრიდან წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები ჩანს. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, აღნიშნული ფაქტი 4 წლის წინ - 2022 წელს მოხდა და ყველა მათგანი 2026 წლის თებერვალში დააკავეს. ფაქტის აღიარების მიუხედავად, უწყება არ აკონკრეტებს, წარდგენილი ბრალის შინაარსს.

კადრებში ნათლად ჩანს, რომ რამდენიმე პოლიციელი, განსაკუთრებული სისასტიკით, სიცოცხლისთვის საშიშ არეში (ძირითადად, თავის არეში), სასურველი ჩვენების მიღების მიზანთ, მიზანმიმართულად გამეტებით ურტყამს მოქალაქეს. წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტი გარკვეული პერიოდის განმავლობაში გრძელდება.

12 ივნისს გასაჯაროებულ უმძიმეს კადრებთან დაკავშირებით, უწყების მხრიდან გაკეთებული განცხადება დამატებით კითხვებს აჩენს, რაზეც აუცილებლად უნდა გაეცეს დაუყოვნებელი პასუხი: რა სამართლებრივი კვალიფიკაცია მიენიჭა საქმეს და რა ეტაპზეა გამოძიება? რატომ დასჭირდა რამდენიმე წელი იმ პირების დაკავებას, რომელთა იდენტიფიცირების პრობლემა არ იყო - კადრებში ნაჩვენები ძალადობა განხორციელდა პოლიციის სისტემაში; რატომ გაიგო საზოგადოებამ ამ ფაქტის შესახებ მედიისგან და არა სამართალდამცავი უწყებისგან? ძალადობის იმ საქმეების გარდა, რაზეც საზოგადოება ინფორმაციას მედიისგან იღებს, რამდენი ასეთი საქმეა იდენტიფიცირებული და რა რეაგირება აქვს შესაბამის უწყებებს.

ქვეყანაში ბოლო პერიოდში, ადამიანის უფლებათა დარღვევის ამსახველი უმწვავესი მოვლენები საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ მსგავსი სასტიკი და უკანონო მეთოდების გამოყენება სისტემის მხრიდან ჩვეულ პრაქტიკადაა ქცეული.

ჯერ კიდევ სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიშში, საუბარია ძალოვანი უწყებების მხრიდან განხორციელებულ უმძიმეს დანაშაულთა სერიაზე - წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე, რომელიც ხორციელდებოდა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დარბევის დროს. მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ გავრცელებული არაერთი წყაროთი (მათ შორის, დაზარალებულთა ჩვენებებით) დასტურდება, თუ როგორ ურტყამდნენ ძალოვნები ასობით მოქალაქეს სახისა და თავის არეში, ხოლო მიკროავტობუსებში დაკავებულთა წამება გრძელდებოდა, ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ პროკურატურამ ბრალი ძალოვანი უწყების მხოლოდ 4 მოქმედ და ყოფილ თანამშრომელს არასწორი კვალიფიკაციით წარუდგინა. ამ ძალადობრივი ფაქტების ფონზე, საგანგაშო იყო 2025 წლის იანვარში შინაგან საქმეთა სამინისტროს 11 მაღალჩინოსნისთვის, მათ შორის ადამიანის უფლებების დარღვევისთვის საერთაშორისო სანქციებს დაქვემდებარებული რამდენიმე პირისთვის, „კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის" სახელმწიფო ჯილდოების გადაცემის ფაქტი.

მიმდინარე წლის 27 მაისს სოციალურ ქსელში ასევე გავრცელდა ვიდეო, სადაც ქ. გორში სამართალდამცავთა ჯგუფი ფიზიკურად, სასტიკად უსწორდება მოქალაქეს. აღნიშნულ ფაქტზეც პროკურატურამ ბრალი პოლიციელებს ნაცვლად წამებისა, უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებით წარუდგინა.

უწყებების მხრიდან უმძიმეს დანაშაულებზე ფასადური რეაგირება, რომელიც რამდენიმე პოლიციელის დაკავებას და შედარებით მსუბუქი შინაარსის ბრალდების წარდგენას გულისხმობს, მინიმალურადაც ვერ ამცირებს ქვეყანაში შექმნილ მწვავე კრიზისს. მსგავსი მიდგომა, განსაკუთრებით კი, ძალადობის ფაქტებზე შერჩევითი რეაგირება, ახალისებს უმძიმესი დანაშაულების ჩადენას - წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები კი სისტემის განუყოფელ ნაწილად იქცევა. ამ ფონზე, იკვეთება საშიში ტენდენცია, რომ მოქალაქეთა მიმართ, მსგავს მძიმე ქმედებებს უწყებები, საპოლიციო ღონისძიების სახედ იყენებენ”,- ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics