22:26 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-14 11:39:47, 327 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის უშიშროება: უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მოსკოვის ოლქში სტრატეგიულ ობიექტზე დრონებით მასშტაბურ თავდასხმას გეგმავდა

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა მოსკოვის ოლქის საცხოვრებელ უბანში მდებარე სტრატეგიულ ობიექტზე დრონებით თავდასხმა აღკვეთა, - ინფორმაციას რუსული მედია უშიშროების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს. 

უწყების მტკიცებით, თავდასხმას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური გეგმავდა.

„უკრაინის სპეციალური სამსახურების საქმიანობის წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაციის ფარგლებში აღიკვეთა ტერორისტული აქტი, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს ჰქონდა დაგეგმილი. სამიზნე იყო სტრატეგიული საწარმო, რომელიც მოსკოვის ოლქის საცხოვრებელ ზონაში მდებარეობს. თავდასხმისთვის გამოყენებული უნდა ყოფილიყო უპილოტო საფრენი აპარატები (დრონები), რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე კონტრაბანდული გზით იყო შეტანილი“, - აცხადებენ რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურში.

მათი მტკიცებით, „ტერაქტის აღკვეთის სპეციალური ოპერაცია“ დაიწყო სადაზვერვო ინფორმაციის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც საბრძოლო საშუალებების შემცველი ტვირთი გადაადგილდებოდა მარშრუტით - ბრატისლავა (სლოვაკეთი) – სედლცე (პოლონეთი) – ბრესტი (ბელარუსი) – მოსკოვის ოლქი და „ორგანიზებული იყო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ევროპის ქვეყნების სპეცსამსახურების დახმარებით“.

„გეგმის მიხედვით, საწარმოსთან ახლოს მდებარე ნაქირავები ანგარის შენობიდან დისტანციურად უნდა გაეშვათ 35 FPV დრონი. მას შემდეგ, რაც მოწინააღმდეგემ უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა, ყველა შეტევის საშუალება გაანადგურა უშიშროების ფედერალური სამსახურის სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფმა, რომელიც ოპერაციაში იყო ჩართული“, - აცხადებენ უწყებაში.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილით აღძრა (ტერორისტული აქტი).

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მტკიცებით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დრონებით თავდასხმის მომზადებისას კონკრეტული დავალებების შესასრულებლად 13-16 წლის მოზარდები დაიქირავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics