14:40 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-16 11:15:10, 280 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - ბრიუსელის იდეა, მოახდინოს ქვეყნების უფლებრივი სეგრეგაცია, რადიკალურად ცვლის ევროკავშირის პრინციპს

ევროკავშირი ყოველთვის იყო წესებზე დაფუძნებული პროექტი, რაც გულისხმობს, რომ ყველა წევრი ამ წესების წინაშე თანასწორია. ბრიუსელის იდეა, მოახდინოს ქვეყნების უფლებრივი სეგრეგაცია, რადიკალურად ცვლის ევროკავშირის ამ ფუძემდებლურ პრინციპს და მას, თანაბარ ერთა კავშირიდან, „პირველხარისხოვან“ და „მეორეხარისხოვან“ ერთა კავშირად აქცევს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ევროკავშირის პლაკატურ ფრაზას – „ერთიანობა მრავალფეროვნებაში“, პრაქტიკაში სულ უფრო მეტად ანაცვლებს ლოზუნგი – „არ გადაუხვიო გენერალურ ხაზს“, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბში მხოლოდ იმ შემთხვევაში მიგიღებენ, თუ შენი ხმა მხოლოდ დეკორატიულ ფუნქციას შეასრულებს.

„გუშინ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა, აღნიშნა, რომ ევროკავშირში განიხილება იდეა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის მომავალ წევრებს არ ექნებათ იგივე ხმის უფლება, როგორიც აქვთ მოქმედ წევრებს.

ამავე დროს ეს იმასაც გულისხმობს, რომ წევრობის ეტაპზე გადასვლის შემდეგ საქართველოს, ისევე როგორც სხვა ახალ წევრ სახელმწიფოებს, კვლავ ევროკავშირის სხვა წევრების მსგავსი ვალდებულებები ექნება, თუმცა უფლებრივად მათთან თანასწორი არ იქნება. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირს შეეძლება, საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხებზე გადაწყვეტილებები საქართველოს გარეშე მიიღოს.

ასეთ მომენტში ბევრს ალბათ გაახსენდება ბრიუსელის მიერ ხშირად გამეორებული ფრაზა – „არანაირი გადაწყვეტილება უკრაინაზე უკრაინის გარეშე“. ევროკავშირში განხილული იდეა სწორედ ამ მიდგომის გაუქმებაა არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ყველა კანდიდატი ქვეყნის მიმართ. ეს უკრაინელებმაც კარგად დაინახეს და განაცხადეს, რომ მეორეხარისხოვან წევრობას არ დათანხმდებიან.

ამგვარი ტენდენციები აჩვენებს, რომ ევროკავშირის პლაკატურ ფრაზას – „ერთიანობა მრავალფეროვნებაში“, პრაქტიკაში სულ უფრო მეტად ანაცვლებს ლოზუნგი – „არ გადაუხვიო გენერალურ ხაზს“, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბში მხოლოდ იმ შემთხვევაში მიგიღებენ, თუ შენი ხმა მხოლოდ დეკორატიულ ფუნქციას შეასრულებს. მართლაც, ასეთი მიდგომა ხომ კიდევ უფრო გაამარტივებს გადაწყვეტილებების მიღებას – აღარ იქნება საჭირო რთული დისკუსიები, განსხვავებული პოზიციები და დემოკრატიის ის ნაწილი, რომელიც განსხვავებულ აზრს გულისხმობს.

ევროკავშირი ყოველთვის იყო წესებზე დაფუძნებული პროექტი, რაც გულისხმობს, რომ ყველა წევრი ამ წესების წინაშე თანასწორია. ბრიუსელის იდეა, მოახდინოს ქვეყნების უფლებრივი სეგრეგაცია, რადიკალურად ცვლის ევროკავშირის ამ ფუძემდებლურ პრინციპს და მას, თანაბარ ერთა კავშირიდან, „პირველხარისხოვან“ და „მეორეხარისხოვან“ ერთა კავშირად აქცევს.

ამიტომ ერთი რამ აქვე უნდა ითქვას მკაფიოდ – ამ იდეის განხორციელების შემთხვევაში ეს აღარ იქნება ის კავშირი, რომლის წევრობაზეც საქართველომ ოთხი წლის წინ განაცხადი შეიტანა და არც ამგვარი კავშირის წევრობისკენ სწრაფვა არის ის, რაც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში წერია.

საქართველოს უკვე აქვს ნომინალური და უთანასწორო კავშირის წევრობის 70-წლიანი გამოცდილება, რომლის გამეორებასაც ჩვენ არ ვაპირებთ. თუკი ევროკავშირის წევრი პოსტსაბჭოთა ქვეყნები ამგვარ ცვლილებას დაუშვებენ, გამოვა, რომ მათ პრობლემა არა საბჭოთა კავშირთან ჰქონიათ, არამედ იმასთან, თუ ვინ დომინირებს ამგვარ კავშირში“, – წერს შალვა პაპუაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics