02:33 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-09 11:33:13, 895 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძემ ბრიფინგი გამართა და 9 წუთი ბიძინა ივანიშვილის ქებას დაუთმო

ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული ბრიფინგი ბიძინა ივანიშვილის ქებას მიუძღვნა.

9 წუთის განმავლობაში ირაკლი კობახიძე ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის "როლის მნიშვნელობაზე" საუბრობდა, რომელიც ირაკლი კობახიძის, "განსაკუთრებული და ფასდაუდებელია".

მან ბიძინა ივანიშვილს "პოლიტიკის გროსმეისტერიც" უწოდა.

რა თქვა ირაკლი კობახიძემ:

"ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის გარე მტრების და მათი ადგილობრივი აგენტურის აგრესიისა და პოლიტიკური თავდასხმის მთავარი ობიექტი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. მათი მტკიცებით, ქვეყანა არა დემოკრატიული წესებით, არამედ ერთპიროვნულად, ბიძინა ივანიშვილის მიერ იმართება. გარდა ამისა, ისინი დემოკრატიული წესით არჩეულ ხელისუფლებას „ივანიშვილის რეჟიმად" მოიხსენიებენ, რითაც ცდილობენ 2012 წლიდან დამკვიდრებული დემოკრატია ავტოკრატიად წარმოაჩინონ. ამგვარი გზავნილები მოვისმინეთ შაბათის და გუშინ გამართულ სატელევიზიო დებატებზეც, რის შემდეგაც გადავწყვიტე, ამ საკითხზე ქართული საზოგადოების წინაშე ჩემი პოზიცია გამომეხატა.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განმტკიცებაში ბიძინა ივანიშვილის როლი სრულიად განსაკუთრებულია. რამდენჯერმე ვთქვი და ერთხელ კიდევ მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმეისტერი და მას უყვარს საკუთარი ხალხი და ქვეყანა. მისი პოლიტიკური წონა სწორედ ამ ორ ძირითად ფაქტორს ეფუძნება: გამორჩეულ ინტელექტს და უანგარო პატრიოტიზმს.

სწორედ ამ ორმა თვისებამ შეაძლებინა მას 2012 წელს ის, რაც ყველას შეუძლებელი ეგონა: გროსმეისტერულად ჩამოეშორებინა ძალაუფლებას უცხოური აგენტურა, რომელსაც ქვეყნის გარედან ყოველგვარ ძალადობაზე მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული. იმ დროს, როდესაც არ ჩანდა არავითარი ძალა, რომელიც უცხოური აგენტურის სისხლიან რეჟიმს კუთვნილ ადგილს მიუჩენდა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თეთრი ხელთათმანებით, ყოველგვარი ძალადობისა და შეურაცხყოფის გარეშე, რეჟიმი ძალაუფლებას ჩამოაშორა და ქვეყანაში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული დემოკრატიული მმართველობა დაამკვიდრა".

ამავე ბრიფინგზე პარტიაში გავლენაზე საუბრისას ირაკლი კობახიძემ საკუთარ თავს ქართულ ოცნებაში მეორე პირი უწოდა და თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი სამთავრობო გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც "მის როლს შეესაბამებბა". 

"ბიძინა ივანიშვილი სამთავრობო გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ეს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის როლს შეესაბამება. ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი, არსებითად, არ ერევა სამთავრობო მენეჯმენტში და საკადრო გადაწყვეტილებებში. ამავდროულად, მე, როგორც მთავრობის მეთაური და მმართველ პარტიაში მეორე პირი, ხშირად ვსარგებლობ მისი რჩევით, როდესაც საქმე ქვეყნისთვის საკვანძო მნიშვნელობის საკითხებს ეხება. მისი რჩევები ყოველთვის ფასდაუდებელია და ამ შესაძლებლობაზე უარის თქმა, პირველ რიგში სწორედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არასწორი იქნებოდა.

ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, პერიოდულად იმართება გუნდის ლიდერების შეკრება, სადაც პოლიტიკის საკვანძო საკითხები განიხილება. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბიძინა ივანიშვილი განსხვავებულ აზრს განსაკუთრებულ პატივს სცემს. შესაბამისად, გუნდში ყველა აზრი ღია, სიღრმისეული და საფუძვლიანი მსჯელობის საფუძველზე ყალიბდება. იმასაც ღიად გეტყვით, რომ ამგვარი ღია, სიღრმისეული და საფუძვლიანი მსჯელობისას ყველაზე ხშირად ბიძინა ივანიშვილის აზრი იმარჯვებს, რაც ისევ და ისევ მისი განსაკუთრებული კომპეტენციის დამსახურებაა"

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics