22:07 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-11 13:47:16, 320 ნახვა

სამართალი
საქართველოში კრიპტოვალუტის გათეთრების საერთაშორისო საქმეზე ამერიკელმა, პოლონელმა და ქართველმა სამართალდამცველებმა ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩაატარეს

კრიპტოვალუტის გათეთრების საერთაშორისო საქმე - მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოში ჩატარებული ფართომასშტაბიანი საერთაშორისო სპეცოპერაციის შედეგად, 10 ივნისს, აჭარაში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.

ამის შესახებ ცნობილი საქართველოს პროკურატურაში პოლონელი, ამერიკელი და ადგილობრივი საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლების მონაწილეობით გამართული ერთობლივი ბრიფინგიდან გახდა. 

"საქართველოს პროკურატურის, ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის, პოლონეთის რესპუბლიკის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრალური ბიუროსა და ლოძის საოლქო პროკურატურის, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურების თანამშრომლებმა საქართველოში ფართომასშტაბიანი ღონისძიება ჩაატარეს.

სპეციალურ ღონისძიებაში, რომელიც ევროჯასტის და ევროპოლის მხარდაჭერით საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მომზადდა, ამერიკის შეერთებული შტატების, პოლონეთის რესპუბლიკის და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 100-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა და საგამოძიებო მოქმედებები საქართველოს ტერიტორიაზე ათეულობით ლოკაციაზე ჩატარდა.

ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა ფიზიკური პირების, მათი საცხოვრებელი სახლების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა. შედეგად ამოღებულია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ელექტრონული მტკიცებულებები და დოკუმენტაცია. ამავდროულად, ყადაღა დაედო სავარაუდოდ, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით შეძენილ 173 ერთეულ სატრანსპორტო საშუალებას, ძვირადღირებულ უძრავ ქონებებს და საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხებს.

ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში, 10 ივნისს, აჭარის ტერიტორიაზე დავაკავეთ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები - უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე გამოძიებებით დადგენილია, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი - ფსევდონიმით „AudiA6", რომელიც 2022 წლიდან ფუნქციონირებდა, ინტერნეტსივრცეში კიბერდამნაშავეების და სხვა კრიმინალებისთვის უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული კრიპტოვალუტის გათეთრებას - დანაშაულის კვალის სამართალდამცავებისგან დაფარვას, რაშიც იღებდნენ სოლიდურ სარგებელს. 2022-2025 წლებში, უკანონო საქმიანობის ფარგლებში, „AudiA6"-ის წევრების მიერ გათეთრებულია რამდენიმე ასეული მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა.

გარდა აღნიშნულისა, დანაშაულებრივი ჯგუფი ასევე, მართავდა კიბერკრიმინალურ ფორუმს დასახელებით „Dark2Web", რომელიც გამოიყენებოდა უკანონო სერვისების რეკლამირებისა და მსოფლიოს მასშტაბით კიბერკრიმინალების ერთმანეთთან დასაკავშირებლად.

ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა საქართველოს პროკურატურისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და უწყებას ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის კარგი გამოცდილება აქვს.

საქართველოს პროკურატურა მადლობას უხდის მაღალპროფესიონალურად და წარმატებით ჩატარებული ღონისძიებისთვის საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს. ასევე აღნიშნული ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში გაწეული დახმარებისთვის ევროჯასტის და ევროპოლის წარმომადგენლებს.

საქართველოს პროკურატურა, ადასტურებს საკუთარ პატივისცემას ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის, პოლონეთის რესპუბლიკის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრალური ბიუროსა და ლოძის პროკურატურის წარმომადგენლების მიმართ და კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ეფექტიანი თანამშრომლობისთვის." - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics