|
2018-09-22 10:03:06, 928 ნახვა
საზოგადოება
თბილისში „ღამის ავტობუსის“ მარშრუტი ამოქმედდა
თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ფარგლებში დანიშნულმა „ღამის ავტობუსმა“ პირველი რეისი შეასრულა. მერიის ინფორმაციით, №222 ავტობუსი ყოველ პარასკევსა და შაბათ ღამეს, 00:00-დან 06:00 საათამდე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „ვარკეთილამდე“ იმოძრავებს. „ღამის ავტობუსის“ პირველ მგზავრებს გამომცემლობა „ინტელექტმა“ სასიამოვნო სურპრიზი მოუმზადა. მათ ავტობუსში ქართველი და უცხოელი ავტორების წიგნები დახვდათ. ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა, სერგი გვარჯალაძემ გამომცემლობა „ინტელექტს“ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, პირველ ეტაპზე პროექტი საპილოტეა და მოთხოვნაზე დაკვირვების შედეგად მარშრუტების კორექცია შესაძლებელი იქნება. „ღამის ავტობუსის“ საპილოტე პროექტი დედაქალაქის უმეტეს ნაწილს მოიცავს და მგზავრებს გასართობი და კულტურული აქტივობებით დატვირთულ ცენტრებთან აკავშირებს. ღამის ავტობუსი მოძრაობას მეტროსადგურ „ახმეტელიდან“ დაიწყებს და პირველი გაჩერება დიდ დიღომში, სუპერმარკეტ „გუდვილთან“ ექნება. შემდეგ გაივლის აღმაშენებლის ხეივანს, მარშალ გელოვანის გამზირს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და სააკაძის I გასასვლელთან გაჩერდება. შემდეგ, „ღამის ავტობუსი“ ვახუშტის ხიდს გადაკვეთს და მგზავრებს ვახუშტის ქუჩაზე და სტადიონ „დინამო არენასთან“ მიიყვანს, საიდანაც გზას აღმაშენებლის გამზირზე განაგრძობს და მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გაჩერდება. ამის შემდეგ, იგი გაივლის მარჯანიშვილისა და ჯავახიშვილის (ყოფ. ელბაქიძის დაღმართი) ქუჩებს და მგზავრებს ჯერ პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაუჩერებს, ხოლო შემდეგ - თავისუფლების მოედანსა და ბარათაშვილის ქუჩაზე - „კონკასთან“. ავტობუსი გადაკვეთს ბარათაშვილის ხიდს და მგზავრებს ევროპის მოედანზე მიიყვანს. იგი გზას გორგასალისა და გულუას ქუჩებისკენ განაგრძობს და აბანოებთან გაჩერდება. ორთაჭალის გავლის შემდგომ, ავტობუსს მორიგი გაჩერებები ექნება დოდაშვილის მოედანსა და მეტრო „ისანთან“. ავტობუსი კახეთის გზატკეცილით ჯავახეთის ქუჩას დაუკავშირდება და მოძრაობას მეტრო „ვარკეთილთან“ დაასრულებს. საპილოტე მარშრუტზე „მანის“ მარკის ავტობუსი ერთსაათიანი ინტერვალით და სტანდარტული - 50-თეთრიანი ტარიფით მოძრაობს. ამასთანავე, მოქმედებს შეღავათიანი მგზავრობის ტარიფიც. ღამის ავტობუსს შემდეგი გაჩერებები აქვს:
(NS)
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)