|
2017-09-13 04:21:39, 1867 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ჩინეთიდან ღვინის იმპორტიორებისა და ჟურნალისტების ჯგუფი ეწვია
ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით,ღვინის იმპორტიორებისა და ჟურნალისტების ჯგუფი ჩინეთიდან ერთკვირიანი ვიზიტით საქართველოს ეწვია, რომლის ფარგლებშიც სტუმრები ღვინის მარნებსა და კომპანიებს ქართლში, კახეთში, იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში მოინახულებენ. ღვინის პროფესიონალები ადგილზე დააგემოვნებენ ქართულ ღვინოებს, გაეცნობიან ქართული ტრადიციული მეთოდით ღვინის დამზადების ტექნოლოგიასა და რთველის პროცესს. 13-კაციან ჯგუფს ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტარქტორი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი ხელმძღვანელობს. ღვინის იმპორტიორები ვიზიტის პირველ დღეს თბილისში ღვინის კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც კომპანიებს საკუთარი პროდუქციის იმპორტიორებისთვის წარდგენის შესაძლებლობა მიეცათ. დებრა მეიბურგის თქმით, ჯგუფის შემადგენლობაში ღვინის იმპორტიორები და ჟურნალისტები ჰონგ-კონგიდან და ჩინეთის სხვა ქალაქებიდან არიან. „მე ისევ ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს ქვეყანაში ვიმყოფები, რადგან ძალიან მინდა წარვუდგინო ეს ღვინოები აზიის ბაზარს. მინდა კარგად გაიგონ ის კულტურა, რომელიც ამ ღვინოების უკან დგას, ასევე საკვები, ადამიანები, სტუმართმოყვარეობა, თვისებები და ისტორია, რაც ამ ღვინოებს განსაკუთრებულობას სძენს. ჩემთვის ამაღელვებელია რთველის პერიოდში აქ ყოფნა. ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა ყურძენი პირდაპირ ვენახიდან დაგვეგემოვნებინა და შეგვეგრძნო თითოეული კომპონენტი, რომელიც ამ ღვინოებს განსაკუთრებულს ხდის", - აღნიშნა დებრა მეიბურგმა. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, მარკეტინგულ სტრატეგიაში ძალიან მნიშვნლოვანია, რაც შეიძლება მეტი პროფესიონალი და ღვინით დაინტერესებული სტუმარი გაეცნოს ადგილზე უძველეს ქართულ ღვინის კულტურას. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ღვინის პროფესიონალი ჩამოვიდეს საქართველოში. ეს ჯგუფიც სწორედ ასეთი პროფესიონალი ღვინის იმპორტიორებისა და ჟურნალისტებისგან შედგება. მათ მიერ დაწერილი სტატიები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისთვის შესაბამის ბაზრებზე",- აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა. მან იმედი გამოთქვა, რომ ამ ვიზიტების შედეგად, აზიის ბაზარზე მომუშავე იმპორტიორებსა და ქართულ ღვინის კომპანიებს შორის ბიზნეს ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება. ჩინეთი რჩება ქართული ღვინის სტრატეგიულ საექსპორტო ბაზრად. 2017 წლის 8 თვის მონაცემებით, ექსპორტირებულია 5 მლნ-ზე მეტი ბოთლი, რაც 51%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში ჩინეთი მეორე ადგილს იკავებს. (NS)
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)